კობახიძე –ანაკლიის პორტზე: არავის უთქვამს, რომ ჩინური კომპანია უპირატესობით ისარგებლებს, ორი პრეტენდენტია, რომელიც უკეთეს პირობებს შემოგვთავაზებს, ის გაიმარჯვებს
07/02/2024 15:33:15 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ანაკლიის პორტის საკითხთან დაკავშირებით ამჟამად არსებული ორი პრეტენდენტი კომპანიიდან, რომელიც უკეთეს პირობებს შესთავაზებს სახელმწიფოს, ის გაიმარჯვებს.
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, გეოგრაფიულ სივრცეს ნაკლებად მიენიჭება უპირატესობა.
„რაც შეეხება ანაკლიის საკითხს, არავის უთქვამს, რომ ჩინური კომპანია უპირატესობით ისარგებლებს. პროცედურები წარიმართება, ორი პრეტენდენტია ამჯერად, რომელიც უკეთეს პირობებს შემოგვთავაზებს, ის კომპანია გაიმარჯვებს. ამ შემთხვევაში, გეოგრაფიულ სივრცეს ნაკლებად მიენიჭება უპირატესობა, მთავარია, ვინ შემოგვთავაზებს უკეთეს პირობებს. ბუნებრივია, ეს არის სახელმწიფოს პრიორიტეტი“, - განაცხადა კობახიძემ.
მანამდე მან აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა მოქმედი მთავრობის ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება:
"როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფო გეგმავს მრავალმილიონიანი ინვესტიციის ჩადებას ამ პროექტში. ყველაფერი განხორციელდება გეგმის შესაბამისად. ანაკლიის პორტის მშენებლობა იქნება ჩვენი მთავრობის ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ამასთან ერთად, სხვა პორტების განვითარებასაც, რესურსების გაძლიერებასაც მიექცევა სათანადო ყურადღება. განსაკუთრებით ეს ეხება ფოთის პორტის განვითარებას, რესურსების გაძლიერებას. ასევე გაგრძელდება აქტიური მუშაობა შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელის პროექტზე".
პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამას უსმენენ.


