ირაკლი კობახიძე: დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით წარიმართება დიალოგი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან, მხოლოდ დიალოგის გზით შეიძლება, ეს საკითხი გადაწყდეს
07/02/2024 16:47:36 პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხი მხოლოდ აზერბაიჯანთან დიალოგის გზით შეიძლება, გადაწყდეს. ამის შესახებ მან საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას ისაუბრა.
„როგორც მოგეხსენებათ, დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით წარიმართება დიალოგი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან. მხოლოდ დიალოგის გზით შეიძლება ეს საკითხი გადაწყდეს. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად იყვნენ უდანაშაულო ადამიანები დაჭერილი, მგონი, კითხვის ნიშნები საზოგადოების ნებისმიერ წევრს უნდა ჰქონდეს იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც თავის დროზე წარიმართა. რატომ მოხდა რუკების ისე განსაზღვრა, როგორც განისაზღვრა, შემდეგ რატომ მოხდა მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მხრიდან იმ განცხადებების გაკეთება, რომელიც გააკეთა. დღეს ითქვა, თითქოს არავინ უარყოფს იმას, რომ გარეჯი საქართველოა, თუმცა, მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ „აღიარა“, რომ გარეჯის სამონასტრო კომპლექსის კონკრეტული ნაწილი საქართველო არ იყო. შესაბამისად, სამწუხაროდ, ეს კითხვები თავის დროზე დაისვა. თუ არ ვცდები, ნინო კალანდაძე იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. ამიტომ, კითხვები არსებობს როგორც საჯარო მოხელეების, ასევე, პოლიტიკურ ნაწილში, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენა არის“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის: „კარტოგრაფების საქმეზე“ ბრალდებულნი არიან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.
სახელმწიფო ბრალდების ცნობით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ.
"კარტოგრაფების საქმეს" არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.
ბრალდებას არც ერთი კარტოგრაფი არ აღიარებს.


