ნიკა მელია – სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე: "ის ხედვა, რომელიც მას გააჩნია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გატარდეს პრაქტიკაში"
09/02/2024 08:34:35 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, შეხვედრების მიზანი ქვეყნის ევროპული მომავლისათვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერება და ქარტიის "ერთობის პლატფორმა ევროპისთვის" ჩამოყალიბებაა. მელია კი ამბობს, რომ პრეზიდენტის შემოთავაზება საინტერესოა.
"საკითხები, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ ეხება ამ ქვეყნის კეთილდღეობას და ამ ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობას. ის ხედვა, რომელიც მას გააჩნია, შეხვედრის შედეგად რაც ჩემთვის ცნობილი გახდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გატარდეს პრაქტიკაში. პირველ რიგში, მიმდინარე წელს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილი იქნეს კონკურენტუნარიანი საარჩევნო სისტემის ფარგლებში შეჯიბრებითობა," - განაცხადა მელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მანამდე, პრეზიდენტს შეხვდნენ "გირჩი - მეტი თავისუფლების," "ლელოსა" და სხვა ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები. ამ დროისთვის ზურაბიშვილის შეთავაზებას ოპოზიციიდან მხოლოდ ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" არ იზიარებს.


