Accentnews.ge
პაპუაშვილი – ზურაბიშვილზე: მიუნხენში წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავს

პაპუაშვილი – ზურაბიშვილზე: მიუნხენში წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავს

15/02/2024 08:34:46 პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ მფარველობის ქვეშ, თუ რა საზღაურის სანაცვლოდ, ეს ყველაფერი გამოჩნდება - ის მიუნხენში მხოლოდ საკუთარ თავს წარმოადგენს და არა საქართველოს - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის მიუნხენში უნებართვოდ გამგზავრების მიზანია საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის შერყევა.

„სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავს, ის არ წარმოადგენს საქართველოს, ამიტომ ეს არის მისი, კერძო პირის ყოფნა იქ. ეს ფაქტი, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მას საერთოდ არ აინტერესებს საქართველოს კონსტიტუცია, ქართველი ხალხი, მას საქართველო საკუთარი რეზიდენციის უკანა ეზო ჰგონია, სადაც, როგორც უნდა, ისე მოიქცევა. ერთადერთი მიზეზი, რატომაც სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თანამდებობას ინარჩუნებს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერაა. მან დაარღვია კონსტიტუცია, ეს დადასტურებული არის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. რა თქმა უნდა, პარლამენტს უნდა მიეღო მაშინ გადაწყვეტილება მისი იმპიჩმენტის შესახებ. ერთადერთი მიზეზი რატომაც პარლამენტში ვერ შეგროვდა პარლამენტის წევრების 2/3 არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა. ამიტომ, რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ დამოკიდებულია „ნაციონალურ მოძრაობაზე“. ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ მფარველობის ქვეშ, თუ რა საზღაურის სანაცვლოდ, ეს ყველაფერი გამოჩნდება. ჯერჯერობით, ვხედავთ რაც არის საზღაური, საზღაური არის რადიკალიზაცია, ქვეყნის დისკრედიტაცია. მათ შორის მისი უნებართვო გამგზავრება მიუნხენში არის ერთ-ერთი მაგალითი. ამას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია შეირყეს. ამიტომ ის, ჯერჯერობით, ძალიან ბეჯითად მიყვება „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი მფარველების მიერ დასახულ ხაზს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის: პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციიდან ოფიციალური მოწვევა მიიღო და აპირებს მონაწილეობის მიღებას.

მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტს მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მთავრობისთვის თანხმობის მისაღებად არ მიუმართავს.

უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მას პირველი ოფიციალური ვიზიტი ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, ბრიუსელში ექნება.

მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს მთავრობა საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში იქნება წარმოდგენილი.

მიუნხენში ყოველწლიური უსაფრთხოების კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 1963 წლის შემოდგომაზე დაარსდა და წელს მისი 60 წლის იუბილე აღინიშნება. მასში მსოფლიო ლიდერები ყოველწლიურად მონაწილეობენ საერთაშორისო უსაფრთხოების ყველაზე აქტუალურ საკითხებზე დისკუსიებისთვის. 2023 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში საქართველოს იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა.

გასულ წელს მმართველმა პარტიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პრეზიდენტმა უცხოეთში ვიზიტებით კონსტიტუცია დაარღვია, რადგან ამისთვის მთავრობის თანხმობა არ ჰქონია. ირაკლი კობახიძემ მაშინ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილს აღარ მიიჩნევდნენ პრეზიდენტობის ღირსად. პრეზიდენტის იმპიჩმენტი ვერ შედგა. საპარლამენტო უმრავლესობამ ხმების საჭირო რაოდენობა (100 ხმა) ვერ მოაგროვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S