ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მიზანია, არჩევნებზე მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, 100 დღის განმავლობაში 10 რეგიონში ვგეგმავ ჩასვლას
15/02/2024 10:32:14 პოლიტიკა
„ქართული ოცნების” ახალმა თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი ბრიფინგი გამართა და 100 დღის განმავლობაში რეგიონებში ჩასვლა დააანონსა.
„მინდა, გაცნობოთ თქვენ და საზოგადოებას ჩემი გეგმების შესახებ. მარტიდან მომდევნო 100 დღის განმავლობაში ვგეგმავ 10 რეგიონში ჩასვლას, მექნება 10 გასვლითი ღონისძიება. ვაპირებ შევხვდე ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს, რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, ჩვენს აქტივს, მოსახლეობას, რათა ადგილზე გავეცნო მათ საჭიროებებს. ამ შეხვედრების მთავარი მიზანი იქნება რეალურად წინასაარჩევნო კამპანიის მომზადება, მზადება არჩევნებისთვის. ჩვენი პარტია უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის. ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ ამ არჩევნებზე მაქსიმალური შედეგი მივიღოთ, ამისთვის საჭიროა მაქსიმალური მობილიზების გაკეთება, ჩვენი რესურსების, აქტივის მობილიზება, რათა ამ არჩევნებზე მივიღოთ ძლიერი გამარჯვება და ძლიერი შედეგი. ჩვენი მიზანია მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს. მექნება მათთან შეხვედრები, გვექნება 10 გასვლითი ღონისძიება, 10 რეგიონში, მომდევნო 100 დღეში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


