ანა ბუჩუკური – "ოცნებაზე": ჩატარებული აქვთ კვლევა, რომელმაც მათ დაუდასტურა, რომ მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზე აქვთ
15/02/2024 11:22:58 პოლიტიკა
პარტია „საქართველოსთვის“ წევრი დეპუტატი ანა ბუჩუკური „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, მმაღთველი პარტიის მიზანია მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღონ.
ბუჩუკურის თქმით, ისტორიულ მინიმუმზეა როგორც „ქართული ოცნების“, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი, ხოლო მათ ერთმანეთთან „ფარული კოალიცია“ აქვთ და ერთმანეთს ეხმარებიან.
„ოცნებას“ აქვს ჩატარებული კვლევა, რომელსაც შიგნითაც არ უზიარებენ ბევრს. ამ კვლევამ მათ დაუდასტურა, რომ „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ ისტორიულ მინიმუმზე აქვთ მხარდაჭერა. როგორ ფიქრობთ, „ოცნებას“ რომ ასე კარგად ჰქონოდა საქმე, მათ შორის, კობახიძე რომ გამოვიდა, რაში გვჭირდება ივანიშვილის ლეგიტიმაცია, 60 პროცენტს ვიღებთო, მეორე დღეს ივანიშვილი რატომ გახდა იძულებული გამოჩენილიყო? რა იყო ამის მიზეზი, თუ ასე კარგად აქვთ საქმე? ივანიშვილი იძულებული გახდა კომფორტის ზონიდან გამოსულიყო. ეს ტყუილი და დეზინფორმაცია ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ შეხედეთ თითოეული მათგანის ქცევას, იმ დაპირისპირებას, რაც ერთმანეთში აქვთ, ირაკლები იქნება, კახი თუ სხვა დაჯგუფებები... მგონი, ყველაფერი ზედაპირზეა“, - განაცხადა ბუჩუკურმა.


