ჰერჩინსკი: ხელისუფლების პასუხისმგებლობაა გამონახოს გზა, რათა სამოქალაქო საზოგადოების ყველა ორგანიზაცია ჩართული იყოს საკანონმდებლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში
15/02/2024 12:42:00 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საკანონმდებლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში უმნიშვნელოვანესია ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში.
მისივე თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა გამონახოს გზა, რათა სამოქალაქო საზოგადოების ყველა ორგანიზაცია ჩართული იყოს საკანონმდებლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში:
"გასულ წელს დაიწყო ძალიან პოზიტიური პროცესი - განხილვები მთავრობას, ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. გვქონდა რამდენიმე შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის მონაწილეობით, რომელიც დაკავშირებული იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმასთან. სამწუხაროდ, პლატფორმაში განვითარებული გარკვეული მოვლენების გამო, ზოგიერთმა დიდმა სამოქალაქო ორგანიზაციამ პლატფორმის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ახლა, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ გამოძებნოს გზა, რომლითაც ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, როგორც პლატფორმაში შემავალს, ასევე მათ, ვინც პლატფორმა დატოვა, საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღოს საკანონმდებლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. ეს არის მე-9 ნაბიჯი და იმედი გვაქვს, რომ ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას ექნება საშუალება მონაწილეობა მიიღოს როგორც საკანონმდებლო, ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესში".
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "საქართველოს ჰყავს ძალიან ენერგიული სამოქალაქო საზოგადოება, არსებობს სამოქალაქო საზოგადოების უზარმაზარი მრავალფეროვნება, რომლებიც განსხვავებულ საკითხებზე არიან ორიენტირებული".


