Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გერმანიაში გაემგზავრა

სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გერმანიაში გაემგზავრა

15/02/2024 15:27:02 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 16-18 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენის კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერებთან, სახელმწიფოს მეთაურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წამყვან წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიებში.

მისივე ცნობით, "მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც მსოფლიოში წამყვანი ფორუმია საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე სასაუბროდ, საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა პანელზე: „უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ და მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში: ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის მზადყოფნის უზრუნველყოფა (Better Safe Than Sorry: Securing NATO’S Easters Flank Readiness)".

მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტს მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მთავრობისთვის თანხმობის მისაღებად არ მიუმართავს.

უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მას პირველი ოფიციალური ვიზიტი ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, ბრიუსელში ექნება.

მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს მთავრობა საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში იქნება წარმოდგენილი.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 1963 წლის შემოდგომაზე დაარსდა და წელს მისი 60 წლის იუბილე აღინიშნება. მასში მსოფლიო ლიდერები ყოველწლიურად მონაწილეობენ საერთაშორისო უსაფრთხოების ყველაზე აქტუალურ საკითხებზე დისკუსიებისთვის. 2023 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში საქართველოს იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა.

გასულ წელს მმართველმა პარტიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პრეზიდენტმა უცხოეთში ვიზიტებით კონსტიტუცია დაარღვია, რადგან ამისთვის მთავრობის თანხმობა არ ჰქონია. ირაკლი კობახიძემ მაშინ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილს აღარ მიიჩნევდნენ პრეზიდენტობის ღირსად. პრეზიდენტის იმპიჩმენტი ვერ შედგა. საპარლამენტო უმრავლესობამ ხმების საჭირო რაოდენობა (100 ხმა) ვერ მოაგროვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S