“ნაციონალური მოძრაობა” სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
16/02/2024 07:40:42 პოლიტიკა
“ნაციონალური მოძრაობა” პატიმრობაში მყოფი ექს–პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
„დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით “ნაციონალური მოძრაობა” და მიხეილ სააკაშვილის ასობით ათასი მხარდამჭერი ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას. მივმართავ ქართველ ხალხს, ყველანი ჩავერთოთ, რადგან დღეს თითოეული ჩვენგანი ქმნის შესაძლებლობას გადაიდგას რეალური ნაბიჯები მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად.
სულ მალე ქვეყნის უახლეს ისტორიაში დადგება უმნიშვნელოვანესი ეტაპი, როცა ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს თავისი არჩევანი სინათლესა და სიბნელეს შორის. მაშინ, როცა ჩვენი ევროპელი პარტნიორები დიდი ყურადღებით აკვირდებიან ქართულ პოლიტიკას; მაშინ, როცა ქართველ ხალხთან ერთად მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ლიდერი მოუწოდებს ხელისუფლებას. დასრულდეს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური პატიმრობა, ვფიქრობ, დროა, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღოს ისტორიული გადაწყვეტილება - გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრობიდან მიხელ სააკაშვილი. როდესაც მან ყველაზე კარგად იცის, თუ ვის ემსახურება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა - მხოლოდ მტრის ინტერესებს და ეს არის ერის ღირსების შელახვა.
პირველ მარტს დღის სამ საათზე, ჩვენ ერთად უნდა გადავცეთ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეგროვებული ხელმოწერები. ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის! ენმ-ის რაიონული ორგანიზაციები აქტიურად იქნებიან ჩართულები და დაგეხმარებიან კოორდინაციაში“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ


