თეონა აქუბარდია: ფუნდამენტური რეფორმები, რომელიც აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, „ოცნების" პოლიტიკური ნების მსხვერპლია
16/02/2024 09:01:04 პოლიტიკა
ოპოზიციონერმა დეპუტატი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ ფუნდამენტური რეფორმები, რომელიც აუცილებელია წინ წასაწევად ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, "ქართული ოცნების" პოლიტიკური ნების მსხვერპლია.
„არც შარშან იმოქმედა „ქართულმა ოცნებამ" ამ მიმართულებით, რადგან ისინი ძალაუფლების შენარჩუნებას მანკიერი პრაქტიკით აპირებენ. თუმცა, შეხვედრაზე ვიმსჯელებთ ყველა რეკომენდაციაზე და ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინების აუცილებლობაზე, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ამ რეფორმების შესრულება ჩათვლილად ჩაითვალოს ევროკავშირის მხრიდან. თუმცა პირველი შეხვედრის შემდეგ, სადაც შევთანხმდით, რომ მეორე შეხვედრაზე გვექნებოდა კონკრეტული მსჯელობა საკითხებზე, მაგრამ ჩვენ ვნახეთ საარჩევნო კოდექსში მეორე მოსმენით ისეთი ცვლილებები, რომლითაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ იქნა მათი მხრიდან გაზიარებული. ამიტომ მოლოდინი არ მაქვს პოზიტიური და არ ვფიქრობ, რომ რაც შარშან არ გააკეთეს, წელს გააკეთებენ“, - განაცხადა აქუბარდიამ.
ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში რიგით მეორე შეხვედრა იმართება. დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე 3 საკითხს – სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან, ანტიკორუფციულ ბიუროსთან და საერთო სასამართლოებთან დაკავშირებულ ცვლილებებს განიხლავენ. შეხვედრას ესწრებიან პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. არასამთავრობო სექტორიდან კი მასში მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. საპარლამენტო ოპოზიციიდან შეხვედრას არ ესწრებიან "ლელოს" წევრი დეპუტატები.


