Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილი - სააკაშვილისა და ნავალნის შედარებაზე: არ ვფიქრობ, რომ შედარება შეგვიძლია

სალომე ზურაბიშვილი - სააკაშვილისა და ნავალნის შედარებაზე: არ ვფიქრობ, რომ შედარება შეგვიძლია

17/02/2024 13:44:36 პოლიტიკა

არ ვფიქრობ, რომ შედარება შეგვიძლია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Bloomberg-თან ინტერვიუში ალექსეი ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილის შედარებას.

ზურაბიშვილს ჟურნალისტმა ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა და იქვე დასძინა, რომ საქართველოს ჰყავს „მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს“.

რის საპასუხოდაც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „შედარების მიზეზი არ არსებობს“, აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტმა მას დაუკონკრეტა, რომ მხოლოდ „ჰუმანიტარული თვალსაზრისით“.

„შედარების მიზეზი არ არსებობს, განსაკუთრებით, ამ შემთხვევაში. საქართველო რუსეთი არაა და ამას ყოველთვის გავიმეორებ! რაც შეეხება ამ ტრაგიკულ სიტუაციას, რომელიც ალექსეი ნავალნის ეხება... თუ ეს სიმართლეა, თუ ეს დადასტურდება, (მისი მეუღლე ახლახან აქ კონფერენციაში იღებდა მონაწილეობას), ვფიქრობ, ეს დამღუპველი და ტრაგიკული იქნება მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის; რუსეთისთვის კი, ეს უბრალოდ იმას დაადასტურებს, რა რეჟიმია დღეს იქ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენთვის, ყველასათვის ეს ტრაგედია იქნება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის („ფსინ“) განცხადებით, ციხეში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დაიღუპა. მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს და რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის დაღუპვას ეხმაურება. სააკაშვილის თქმით, პუტინი ნავალნის მას ხშირად ადარებდა და ისიც ნავალნის მსგავსად ბოლომდე იბრძოლებს საქართველოში პუტინიზმის დასამარცხებლად.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ნავალნის მკვლელობა, კიდევ უფრო უნდა აჩქარებდეს სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გადაწყვეტილების მიღებას მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თაობაზე. მისი თქმით, უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება ზურაბიშვილს, რომელიც გადაწყვეტილებას პირადი დამოკიდებულებებით არ უნდა იღებდეს.

„ის, ვალდებულია გაითვალისწინოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესები და იმოქმედოს შესაბამისად. უნდა ესმოდეს პასუხისმგებლიან ადამიანს, პოლიტიკოსს და პრეზიდენტს, რომ ახლა მნიშვნელოვანია, დროული მოქმედება მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S