რა საკითხები განიხილეს ილია დარჩიაშვილმა ჯეიმს ო'ბრაიენმა მიუნხენში გამართულ შეხვედრაზე
18/02/2024 05:41:37 პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენს შეხვდა.
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
"განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები რეგიონალური უსაფრთხოების, საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ისაუბრეს კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკაზე და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების როლზე. ხაზი გაესვა აშშ-სა და საქართველოს შორის წარმატებულ სექტორულ თანამშრომლობას, მათ შორის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მხრივ და ამ კუთხით აღინიშნა ბატონი ო'ბრაიენის წარმატებული ვიზიტი გასულ წელს საქართველოში. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცების გზებზე", – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ილია დარჩიაშვილმა, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება, უკვე გამართა გაცნობითი სახის შეხვედრა საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრ სტეფან სეჟურნესთან. გარდა ამისა, კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა ევროპის მოკავშირეთა უმაღლეს მთავარსარდალსა და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ ქრისტოფერ კავოლის.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 1963 წლის შემოდგომაზე დაარსდა და წელს მისი 60 წლის იუბილე აღინიშნება. მასში მსოფლიო ლიდერები ყოველწლიურად მონაწილეობენ საერთაშორისო უსაფრთხოების ყველაზე აქტუალურ საკითხებზე დისკუსიებისთვის.
2023 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში საქართველოს იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა.


