კომიტეტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს III მოსმენით მხარი დაუჭირა
19/02/2024 08:40:19 პოლიტიკა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მესამე მოსმენით დაუჭირეს მხარი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვით, იცვლება ცესკოს თავმდჯომარის არჩევის წესი და უქმდება ოპოზიციისთვის განკუთვნილი თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა.
სხდომაზე სიტყვა მხოლოდ „ლელოს“ წევრმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა მოითხოვა.
მან აღნიშნა, რომ ვინაიდან მესამე მოსმენაზე რედაქციული ხასიათის ცვლილებებს განიხილავენ, მას აქვს შეთავაზება ფორმულირებასთან დაკავშირებით, თუმცა ნაცვლიშვილმა წინადადება ვერ დაასრულა, რადგან კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა მას მიკროფონი გაუთიშა.
„შემოგთავაზებდით ასეთ ფორმულირებას, რაც სინამდვილეში არის ამ კანონპროექტის არსი, რომ ძალიან არ გინდათ და ძალიან გეშინიათ სამართლიანი არჩევნების“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ რეგლამენტის მიხედვით, ის ვალდებულია, მიკროფონი გათიშოს, როდესაც საკითხი სცდება განსახილველ საკითხს.
შეგახსენებთ, რომ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების თაობაზე მმართველი უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება - მათი არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმი შემოდის. კანონპროექტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 3-ეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პროექტით, პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, არჩევა 76 ხმით მოხდება. კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5 წლის ვადით დაიწყებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ პარლამენტში ვერც 76 ხმა მოგროვდება და პარლამენტი კანდიდატებს ვერც ერთი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევს, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა. ამასთან, ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს. გარდა ამისა, დაგეგმილი ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელზეც პირი ცესკოს პარტიულ წევრთაგან ინიშნება და რომელიც საკუთრივ ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.


