სამხარაძე: სააკაშვილის შესაწყალებლად ევროპარლამენტარები ხელმოწერებს აგროვებენ, ზურაბიშვილზე ზეწოლას ცდილობენ
20/02/2024 09:23:56 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ციხეში სიკვდილის შემდეგ ევროპარლამენტში ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით მიმართონ. ამის შესახებ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლის კიდევ ერთი მცდელობაა.
„მინდა, გამოვეხმაურო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას, რომელზეც, მიუხედავად ათასი დეზინფორმაციული ხასიათის კამპანიისა, თითქოს საქართველო არ მონაწილეობდა ამ ღონისძიებაში, ჩვენ ვიყავით წარმოდგენილი საკმაოდ მაღალი დონით. ამ კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ბევრი ქვეყანა სწორედ ამ რანგში იყო წარმოდგენილი. ილია დარჩიაშვილს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები. თუმცა ასევე უნდა აღვნიშნო, რომ პრეზიდენტი, რომელიც კიდევ ერთხელ მთავრობის დაუკითხავად გაემგზავრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სამწუხაროდ, აღმოჩნდა უხერხულ მდგომარეობაში, როდესაც მას ერთ-ერთ პანელზე პირდაპირ მიუთითეს, რომ უნდა შეიწყალოს სააკაშვილი.
მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ეს არის ახალი, ძალიან დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ევროპარლამენტში ჩვენთვის კარგად ნაცნობი, თუ ცუდად ნაცნობი ევროპარლამენტარები აგროვებენ ხელმოწერებს, რათა ზურაბიშვილს სთხოვონ სააკაშვილის შეწყალება და ამ ფაქტს უკავშირებენ ნავალნის გარდაცვალების ფაქტს. სურთ, რომ ამაში პარალელები გაავლონ. ანუ, ისევ ამოქმედებულია ის ძველი ლობისტური ხაზები და კიდევ ერთი მცდელობაა, აიძულონ თუ ზეწოლა განახორციელონ ზურაბიშვილზე, რათა მან შეიწყალოს სააკაშვილი“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილი და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი ერთსა და იმავე პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ, რა დროსაც პოლონელმა პოლიტიკოსმა საქართველოს პრეზიდენტს მიმართა, რომ მას შეუძლია სააკაშვილის გათავისუფლებაში წვლილი შეიტანოს. პრეზიდენტს სიკორსკის განცხადების საპასუხოდ კომენტარი არ გაუკეთებია.


