გოცირიძე: საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს
20/02/2024 09:37:28 პოლიტიკა
„ევროოპტიმისტების“ წევრი დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული კანონპროექტი საკუთარ პარტიულ ინტერესებს მოარგო.
„9 რეკომენდაციის შესრულების კონტექსტში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სწორედ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებაა და ადგნენ და კიდევ უფრო გააუარესეს. მათ საკუთარ პარტიულ ინტერესებზე მორგებული კანონპროექტი მიიღეს. რა თქმა უნდა, ამას არ უნდა მოაწეროს ხელი პრეზიდენტმა და უნდა იყოს გამოყენებული ვეტოს უფლება,“ - განაცხადა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს პარლამენტი საბოლოო - მესამე მოსმენით განიხილავს.
“საარჩევნო კოდექსსა“ და მასთან ერთად პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება - მათი არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმი შემოდის. კანონპროექტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 3-ეტაპიან პროცესს ითვალისწინებს.
უფრო კონკრეტულად, პროექტით, პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, არჩევა 76 ხმით მოხდება. კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5-წლის ვადით დაიწყებენ.
იმ შემთხვევაში თუ პარლამენტში ვერც 76 ხმა მოგროვდება და პარლამენტი კანდიდატებს ვერც ერთი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევს, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა.
ამასთან, ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს.
გარდა ამისა, “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელზეც პირი ცესკოს პარტიულ წევრთაგან ინიშნება და რომელიც საკუთრივ ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.


