Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე ბრიუსელში ჯოზეფ ბორელს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ბრიუსელში ჯოზეფ ბორელს შეხვდა

20/02/2024 10:47:25 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელს შეხვდა.

მთავრობის პრეს–სამსახურის ცნობით, ჯოზეფ ბორელმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

"შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე ისაუბრეს.

ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული ინტენსიური ძალისხმევისა და გადადგმული ნაბიჯების შედეგია.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას ევროკავშირში ინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად და საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობას განაგრძობს იმისთვის, რომ გაიხსნას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები.

პრემიერ-მინისტრმა ამ მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ხაზი გაუსვეს რუსეთის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას.

პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ღირებული ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი კობახიძემ გასულ წელს საქართველოში ჯოზეფ ბორელის ვიზიტისა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მისი შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურმა ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტს თანადგომისთვის, ევროკავშირსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა", – ნათქვამია მთავრობის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S