ფრიდონ ინჯია: ისღა დარჩა, ქართველმა ხალხმა სალომე ზურაბიშვილს საქართველოს საზღვრის გადაკვეთა აუკრძალოს
20/02/2024 10:52:27 პოლიტიკა
"ევროპელი სოციალისტების" წევრმა დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობას "ანტიკონსტიტუციური ვოიაჟი" უწოდა.
ინჯიას გაღიზიანება პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ სიკორსკის განცხადებამ გამოიწვია:
"ქალბატონი სალომეს ანტიკონსტიტუციური ვოიაჟის დროს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება არ იყო შეთანხმებული და როგორ მშვიდად შეხვდა მას ქალბატონი სალომე. მიმაჩნია, რომ ყველა მისი განცხადება არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ხოლო მისი ეგიდით წოდებული ვოიაჟები საზღვარგარეთ არის ქართული სახელმწიფოს და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის მიმართული. ყველა ამ ქმედებიდან გამომდინარე, ისღაა დარჩენილი, რომ ქართველმა ხალხმა სალომე ზურაბიშვილს ანტისახელმწიფოებრივი ქმედების აღსაკვეთად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა აუკრძალოს".
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილი და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი ერთსა და იმავე პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ, რა დროსაც პოლონელმა პოლიტიკოსმა საქართველოს პრეზიდენტს მიმართა, რომ მას შეუძლია ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაში წვლილი შეიტანოს. პრეზიდენტს სიკორსკის განცხადების საპასუხოდ კომენტარი არ გაუკეთებია.


