Accentnews.ge
პაპუაშვილი: ოპოზიცია იმედოვნებს, რომ „ლელოს“ პოლიტსაბჭოს ჩაატარებინებენ არჩევნებს

პაპუაშვილი: ოპოზიცია იმედოვნებს, რომ „ლელოს“ პოლიტსაბჭოს ჩაატარებინებენ არჩევნებს

20/02/2024 11:16:00 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, "ოპოზიცია იმედოვნებს, რომ „ლელოს“ პოლიტსაბჭოს ჩაატარებინებენ არჩევნებს".

მან ასევე საარჩევნო სისტემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ოპოზიციას ყველანაირი სპეკულაციის საბაბი მოესპო":

„ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება, რომ ოპოზიციამ არჩევნების დღესთან დაკავშირებით საუბარი შეწყვიტა. გახსოვთ, რომ ამაზე მთელი სპეკულაციები ჰქონდათ აწყობილი, დიდი მუშაობა დაგვჭირდა იმისთვის, რომ ისეთი სისტემები მოგვეფიქრებინა, რომელიც ოპოზიციას სპეკულაციისთვის ყველანაირ საბაბს მოუსპობდა, არჩევნების დღეზე ვეღარც კი საუბრობენ. მხოლოდ იმ ნაბიჯმა, რომ ელექტრონული მთვლელები შემოვიღეთ, ამ დისკუსიას წერტილი დაუსვა. რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს, ჩვენი უპირველესი ინტერესია, წინასაარჩევნო გარემო მშვიდი იყოს, „ქართული ოცნება“ მომავალ არჩევნებს იგებს, ამიტომ ჩვენი ინტერესია, რადიკალურ ოპოზიციას საბაბიც კი არ ჰქონდეს, რომ იგივე გაიმეოროს, რაც 2016 წელს, 2020 წელს გააკეთეს, როცა შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადეს. NDI-ის გრძელვადიანი დამკვირვებლების მისიასთან შეხვედრა მქონდა, მათ შორის, ამ საკითხებზეც მქონდა საუბარი. მნიშვნელოვანია ასეთი მისიები, რომლებიც იმას დააზღვევენ, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ, მათთან დაკავშირებულმა „ენჯეოებმა“ დეზინფორმაციით არ გააკეთონ იგივე, რასაც აკეთებდნენ“.

მისი თქმით, ცესკო ერთპარტიული ვერ იქნება, რადგან „ქართულ ოცნებას“ 17 წევრიდან მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ჰყავს.

„აბსოლუტური სისულელეა ერთპარტიულობაზე საუბარი, მაშინ როცა, ცესკო-ში „ქართულ ოცნებას“ 17-დან ერთი წარმომადგენელი ჰყავს, ხოლო ოპოზიციას 7 თუ 8 წარმომადგენელი ჰყავს პარტიული ხაზით. რაც შეეხება ოპოზიციურ მოადგილეს, ეს სერიოზული საკითხია, ამ ცვლილებით, ოპოზიციური მოადგილისთვის, ახლა ვინც არის - „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრისთვის, არაფერი იცვლება. მას როგორც ჰქონდა ერთი ხმა, ის ერთი ხმა ექნება, რასაც აქამდე აკეთებდა, ზუსტად იმავეს გააკეთებს. იმ კანონში ეწერა სამწუხაროდ, რომ ამ პარტიულ მოადგილეს, ჩასაფრებული მოადგილის პოზიცია ჰქონდა, ჩასაფრებული უნდა ყოფილიყო, როდის გადაუბრუნდებოდა ფეხი თავმჯდომარეს, მოვალეობა ვერ შეესრულებინა, რომ მერე თავმჯდომარის სავარძელში ჩამხტარიყო, ეს არის ერთადერთი ფუნქცია, რომელიც მას ეწერა. აქ კითხვა ისმის, ვინც ჩვენ მოგვიწოდებს, რომ ეს დარჩეს, რა მიზნები და განზრახვები აქვს სინამდვილეში, რა ჩანაფიქრია? იმედოვნებენ, რომ რამენაირად ჩამოიცილებენ არჩეულ თავმჯდომარეს და „ლელოს“ პოლიტსაბჭოს ჩაატარებინებენ არჩევნებს. ეს ეჭვები ნელ-ნელა ჩნდება, მათი მთავარი მიზანია, რომ ეს მოადგილის თანამდებობა შეინარჩუნონ, რომელიც თავის მხრივ, არაფერ დამატებით ფუნქციას არ ითვალისწინებს, ერთადერთი, ეს არის ჩასაფრებული მოადგილე, რომელიც ელოდება რამე დაემართოს ცესკო-ს თავმჯდომარეს, რომ ის გახდეს თავმჯდომარე. უკვე ეჭვები ჩნდება სერიოზული, რაღაც გეგმები იხლართებოდა იმისთვის, რომ ოქტომბერში არჩევნები „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ჩაეტარებინა. რაც შეეხება ადგილობრივ დამკვირვებლებს, ის, რომ პარტიული წარმომადგენელი ამავე დროს პოლიტსაბჭოს წევრია და ჩვეულებრივი პოლიტიკური სახეა, ეს არის საარჩევნო კოდექსის დარღვევა, არც ერთმა ადგილობრივმა ორგანიზაციამ - საიამ, ISFED-მა და სხვებმა, არ მიუთითა „ლელოს“ და ამ წევრს, რომ ის ვალდებულია, ნეიტრალიტეტი დაიცვას, ყველამ თვალი დახუჭა, აქედანვე ჩანს, შეკრულები არიან, როგორც რადიკალური ოპოზიცია, ასევე ზოგიერთი ადგილობრივი ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ოქტომბრის არჩევნების დისკრედიტაციისთვის ემზადებიან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს პარლამენტი საბოლოო - მესამე მოსმენით განიხილავს.

“საარჩევნო კოდექსსა“ და მასთან ერთად პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება - მათი არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმი შემოდის. კანონპროექტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 3-ეტაპიან პროცესს ითვალისწინებს.

უფრო კონკრეტულად, პროექტით, პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, არჩევა 76 ხმით მოხდება. კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5-წლის ვადით დაიწყებენ.

იმ შემთხვევაში თუ პარლამენტში ვერც 76 ხმა მოგროვდება და პარლამენტი კანდიდატებს ვერც ერთი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევს, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა.

ამასთან, ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს.

გარდა ამისა, “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელზეც პირი ცესკოს პარტიულ წევრთაგან ინიშნება და რომელიც საკუთრივ ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S