ბორელი: „როცა საქართველოში ვიყავი, გამაოცა ევროპული დროშების რაოდენობამ"
20/02/2024 13:27:51 პოლიტიკა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და პოლიტიკის უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ საქართველოში ვიზიტის დროს თბილისის ქუჩებში ბლოკის დროშების რაოდენით გაოცებული იყო. ამის შესახებ მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე აღნიშნა.
"როცა საქართველოში ვიყავი ჩამოსული, ძალიან გამაოცა ევროპული დროშების რაოდენობამ თბილისის ქუჩებში, სავსე იყო. ჩემთვის კი არ იყო მხოლოდ გასაოცარი, ყველასთვის გასაოცარი იყო. თან არც ჩემი ვიზიტისთვის გაკეთებულა, ზოგადად, ჩემამდე, ჩემი ვიზიტის შემდეგაც ასე იყო. ეს ცხადყოფს იმას, რომ თქვენი მოქალაქეები ძალიან მტკიცედ ფიქრობენ, რომ ევროკავშირი არის მათი მომავალი და ჩვენც გვაკისრია პასუხისმგებლობა, რომ თქვენთან ერთად, ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოვიყენოთ”, – განაცხადა ბორელმა.
ცნობისთვის: საქართველოს პრემიერი ბრიუსელს სტუმრობს. დღეს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-8 სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში კობახიძე შეხვედრას გამართავს NATO-ს გენერალურ მდივანთან, ასევე, მონაწილეობას მიიღებს NATO-საქართველოს კომისიის სხდომაში.
ბრიუსელში პრემიერ-მინისტრთან ერთად გაემგზავრნენ და სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაშიც არიან: პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი; ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი; საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი.


