ბორელი: საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა, ნუ ელოდებით რაღაც სასწაულს, შესასვლელად რა უნდა გაკეთდეს, იცით
20/02/2024 13:36:10 პოლიტიკა
საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა, – ასე უპასუხა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ტელეკომპნაია "იმედის" ჟურნალისტის კითხვას, "როდის გახსნის კარებს ჩვენთვის ევროკავშირი?".
ბორელის თქმით, ბლოკში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია და საქართველომ იცის, ბლოკში შესასვლელად რა უნდა გააკეთოს.
„ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. რეფორმები უნდა განხორციელდეს და მეტი რა უნდა ვთქვათ. ნუ ელოდებით რაღაც სასწაულს. კატას ნუ ვეძებთ სადღაც ბნელ ოთახში. ღიაა კარი. შესასვლელად რა უნდა გაკეთდეს, იცით“, – განაცხადა ბორელმა ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე.
ცნობისთვის: საქართველოს პრემიერი ბრიუსელს სტუმრობს. დღეს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-8 სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში კობახიძე შეხვედრას გამართავს NATO-ს გენერალურ მდივანთან, ასევე, მონაწილეობას მიიღებს NATO-საქართველოს კომისიის სხდომაში.
ბრიუსელში პრემიერ-მინისტრთან ერთად გაემგზავრნენ და სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაშიც არიან: პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი; ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი; საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი.


