ბორელი: "რაც შეეხება მეორე ფრონტს, ამას სერიოზულად არავინ განიხილავს"
20/02/2024 14:12:41 პოლიტიკა
ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენცაზე საქართველოს პრემიერ–მინისტრს "მეორე ფრონტის" თემაზე გაკეთებული განცხადებები შეახსენეს. კერძოდ, ჟურნალისტმა იკითხა, "თქვენ თქვით, რომ უკრაინა ცდილობს, ქვეყანაში გაიხსნას მეორე ფრონტი. შეგიძლიათ ეს ახსნათ?".
"სამწუხაროდ რამდენიმე განცხადება გაკეთდა მეორე ფრონტის შესახებ და ეს ოფიციალური პირებისგან მოდიოდა. სამწუხაროდ იყო ასეთი შემთხვევა. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინას პოლიტიკურად და ჰუმანიტარულად. განსაკუთრებულად მეგობრული ურთიერთობა გვაქვს უკრაინელ ხალხთან. ეს ქართველი ხალხის დამოკიდებულებაა. სანქციებს რაც შეეხება, ამ მიმართულებით მკაფიო პოზიცია გვაქვს: ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს, გვაქვს ძლიერი არგუმენტები. ამავდროულად საქართველო არ გამოიყენება სანქციების გვერდის ასავლელად. პოლიტიკური მხარდაჭერა ძლიერია, პოზიცია მტკიცეა",– უპასუხა ირაკლი კობახიძემ.
კითხვას უპასუხა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმაც და აღნიშნა, რომ "ჩვენ გვსურს, უკრაინას და საქართველოს ჰქონდეს საუკეთესო ურთიერთობა - რაც შეეხება მეორე ფრონტს, სერიოზულად არავინ განიხილავს ამას".
როგორც ბორელმა აღნიშნა, ნებისმიერი სხვაგვარი ურთიერთობით, რომელიც იქნება საქართველოსა და უკრაინას შორის, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი ისარგებლებს.
„ჩვენ გვსურს, რომ უკრაინას და საქართველოს ჰქონდეს საუკეთესო ურთიერთობა. ნებისმიერი სხვაგვარი საკითხით, რომელიც მათ შორის იქნება, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი ისარგებლებს. ცხადია, რომ მე გავაკეთებ მაქსიმალურს, რათა მივაწოდო ეს გზავნილი უკრაინას და საქართველოს, რომ მათ ჰქონდეთ საუკეთესო ურთიერთობა.
რაც შეეხება მეორე ფრონტს, ეს გრძელი ისტორიაა. სერიოზულად არავინ განიხილავს ამას და მე ვერ ვხედავ, რომ ეს მოსალოდნელია უკრაინის მხრიდან და ზოგადად ვინმეს მხრიდან“,- განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.


