მედია: უნგრეთის ინიციატივიაა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები წელსვე დაიწყოს
20/02/2024 19:56:03 პოლიტიკა
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სამშაბათს, 20 თებერვალს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, მისი ქვეყნის პრიორიტეტია, უნგრეთის ევროპული საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში, ევროკავშირის გაფართოების პროცესი დაჩქარდეს, - განსაკუთრებით, საქართველოსთვის",– წერს "რადიო თავისუფლება" ბრიუსელში ორ, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით.
გამოცემა აღნიშნავს, რომ თავად ის ფაქტი, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდა, საბჭოს, უჩვეულოა, რადგან საბჭოს არათუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, არამედ წევრი ქვეყნების ელჩებიც კი არ ესწრებიან - მხოლოდ ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლები და ევროკომისიის სპეციალისტები გაფართოების საკითხებში, ასევე, აღმოსავლეთ ევროპაზე მომუშავე ექსპერტები. სიაარტო ამ შეხვედრაზე ერთადერთი იყო, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უშუალოდ წარმოადგენდა.
ინფორმაციისთვის: უნგრეთი 2024 წლის ივლისიდან 6 თვის განმავლობაში, დეკემბრის ჩათვლით, იქნება ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა როტაციის პრინციპით. საბჭოს სხდომების თავმჯდომარის მოვალეობას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეასრულებს.
"რადიო თავისუფლების" წყაროების ცნობითვე, მინისტრმა სიიარტომ იქვე განაცხადა, რომ უნგრეთს პრეზიდენტობის პერიოდში სურს, წლის ბოლომდე მოიწვიოს მთავრობათაშორისი კონფერენცია საქართველოს მონაწილეობით.
მთავრობათაშორის კონფერენციებზე წყდება ევროკავშირის ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებში ცვლილებების საკითხი. თავად ცვლილებებს ერთსულოვნება სჭირდება.
რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის თქმით, ბუდაპეშტის მიერ მთავრობათაშორისი კონფერენციის მოწვევა ნიშნავს, რომ უნგრეთი გეგმავს, თავისი პრეზიდენტობის პერიოდში, წელსვე გახსნას საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები.


