დანიგანი: აშშ ორიენტირებულია, დაეხმაროს საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფაში
21/02/2024 10:39:45 პოლიტიკა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რობინ დანიგანმა ჟურნალისტებთან, მათ შორის, წელს დაგეგმილი არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ შეერთებული შტატები ორიენტირებულია, საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფაში დაეხმაროს.
„მოდით, არჩევნებზე უფრო ზოგადად ვისაუბრებ. საქართველოშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც საარჩევნო წელია. სამართლიანი არჩევნები ძლიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია. ასე რომ, შეერთებული შტატები ორიენტირებულია, რომ დაეხმაროს საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფაში. ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან, ოპოზიციურ პარტიებთან და მმართველ პარტიასთან და განსაკუთრებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ მათი ხმა სამართლიანად იქნება დათვლილი, რომ მათი ხმები ფარულია, და რომ პროცესი არის თავისუფალი და სამართლიანი. ამდენად, მე მოუთმენლად ველი, რომ ქართველებმა გამოიყენონ თავიანთი დემოკრატიული უფლება და მისცენ ხმა და ამერიკელებმაც იგივე გააკეთონ შეერთებულ შტატებში“,- თქვა დანიგანმა.


