პრემიერი: დღეს 6 წელი შესრულდა საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დამნაშავეებმა პასუხი აგონ
22/02/2024 10:20:12 პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "არჩილ ტატუნაშვილის სახელი შეუპოვრობის სიმბოლოდ იქცა".
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ დამნაშავეებმა პასუხი აგონ.
"დღეს 6 წელი შესრულდა საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან. მისი სახელი ქართველი კაცის ღირსებისა და შეუპოვრობის სიმბოლოდ იქცა ყველა ჩვენგანისა და მომავალი თაობებისათვის. ჩვენს საზოგადოებასთან ერთად კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს ჩვენი დროის გმირის ნათელ ხსოვნას. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში დამნაშავე ყველა პირმა მართლმსაჯულების წინაშე აგოს პასუხი“,- აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.
35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ცხინვალში 2018 წლის 22 თებერვალს მოკლეს, ნაწამები ცხედარი შინაგანი ორგანოების გარეშე სოფელ წილკანში მცხოვრებ ოჯახს მხოლოდ 26 დღის შემდეგ, 20 მარტს გადაეცა. მანამდე, ტატუნაშვილის გვამიდან ოკუპანტებმა გული, ტვინი და ღვიძლი ამოიღეს, „ექსპერტიზაზე“ რუსეთის ქალაქ როსტოვში გადააგზავნეს და აღარ დაუბრუნებიათ.


