პაპუაშვილი – რაქვიაშვილს: თუკი ხელისუფლების პრორუსულობის მართლა გჯერათ, ავტომატი უნდა გეჭიროთ და ამხობდეთ
22/02/2024 11:07:34 პოლიტიკა
ეს ლეგიტიმაციის აღიარებაა, როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, მილიონ ამომრჩეველს ეძახი პრორუსს? რა თანამშრომლობის იმედი უნდა გქონდეთ?! ხელში უნდა გეჭიროთ ავტომატი და ამხობდეთ, თუკი მართლა მაგის გჯერათ! - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარტია „გირჩის“ წევრი დეპუტატის სანდრო რაქვიაშვილის კომენტარს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ოპოზიციის კრიტიკას და შემდეგ თანამშრომლობის მოწოდებას ეხებოდა.
„ჩვენს კოლეგებს რომ თავი მოაქვთ რუსეთი-რუსეთის და პრორუსულობის ძახილით, უკვე კომიკურად რომ იქციეს თავი - როგორ ფიქრობთ, ეს ლეგიტიმაციის აღიარებაა, როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, მილიონ ამომრჩეველს ეძახი პრორუსს? რა თანამშრომლობის იმედი უნდა გქონდეთ, ხელში უნდა გეჭიროთ ავტომატი და ამხობდეთ, თუკი მართლა მაგის გჯერათ! ე.ი. არ გჯერათ, რახან ასეთი ცივილური ურთიერთობა გვაქვს, ხომ? და თუ არ გჯერათ ამ ზღაპრის, პრორუსულობასთან დაკავშირებით, მაშინ რა დავარქვათ ადამიანების ნერვებზე თამაშს, როდესაც ყოველდღიურად ადამიანებში ზიზღს აღვივებთ ხელისუფლების მიმართ მისი ე.წ. პრორუსულობის გამო?“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
მანამდე, რაქვიაშვილმა აღნიშნა, "პარლამენტის თავმჯდომარის იუმორი დასაფასებელია, რომელმაც საკუთარი სიტყვის დიდი ნაწილი ოპოზიციის კრიტიკას დაუთმო და შემდეგ თანამშრომლობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი".
„ბატონო შალვა, უნდა დავაფასო თქვენი იუმორი. მთელი გამოსვლა ოპოზიციას ლანძღავდით და ბოლოს მოუწოდეთ, ერთად ვიმუშაოთო. ასე მე მგონი, საქმე არ კეთდება, თუ ლანძღავთ ნახევარი საათი ოპოზიციას, მერე ერთად მუშაობა რაღაცნაირად რთულად წარმოსადგენია“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.


