ირაკლი კობახიძესა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
23/02/2024 15:31:11 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მისი ცნობით, ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისა და გაძლიერების პერსპექტივები მიმოიხილეს და სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროებში არსებული თანამშრომლობა შეაჯამეს.
„საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ასევე ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანისაგან მიიღო მიწვევა, რომ უახლოეს მომავალში დაიგეგმოს მისი ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.


