Accentnews.ge
ლევან დავითაშვილი განმარტავს, როდიდან შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ გამგზავრებას

ლევან დავითაშვილი განმარტავს, როდიდან შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ გამგზავრებას

26/02/2024 08:57:35 პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო რეჟიმი რამდენიმე დღეში ამოქმედდება.

„ეს არ არის თვეების ამბავი, ეს არის დღეების საკითხი, როდესაც ძალაში შევა. 30 დღე უწყვეტად, ერთი შესვლის განმავლობაში. იგივე რეჟიმი ჩვენ გვაქვს ჩინეთის მოქალაქეებისთვის", - განმარტა დავითაშვილმა.

ვიცე-პრემიერი ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანს უწოდებს:

„შარშანვე იყო ამაზე საუბარი, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვისაც 2024 წლიდან ყოფილიყო უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ჩინეთში. ასეც მოხდა. ეს გადაწყვეტილება მალე შევა ძალაში. მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება ყოველგვარი ბარიერის გარეშე იმოგზაურონ ჩინეთში. ბუნებრივია, ეს ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირებს ნამდვილად შეუწყობს ხელს. პირველ რიგში, ეს იქნება სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი. იცით, რომ ჩინეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია საქართველოსი. ჩვენი ქვეყნის ძალიან ბევრი მოქალაქე ეკონომიკური ურთიერთობებისთვის ჩინეთში მიემგზავრებოდა, მაგრამ ეს არ იყო ასეთი მარტივი. ვფიქრობთ, რომ უვიზო მიმოსვლა ამას ხელს შეუწყობს, გაამარტივებს და საქართველოდანაც მეტი ვიზიტორი იქნება ჩინეთში".

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, საქარველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა პირდაპირი ავიარეისების გაზრდის შესაძლებლობას იძლევა:

„ეს ასევე კავშირშია ავიამიმოსვლის კიდევ უფრო წახალისებასთან. ჩვენ სულ ვსაუბრობდით ჩინეთის სხვადასხვა ავიაკომპანიასთან იმაზე, რომ მეტი პირდაპირი ფრენა იყოს ჩინეთის სხვადასხვა ქალაქთან. მხოლოდ ამ გზით ჩვენ შეგვიძლია, რეალური, მნიშვნელოვანი რაოდენობის გენერირება ტურიზმის სექტორში და მნიშვნელოვანი წვლილი, სწორედ, ამან შეიძლება, გამოიწვიო. აქედან გამომდინარე, ეს [უვიზო მიმოსვლა] ამ კუთხითაც წამახალისებელი იქნება. საერთოდ ვფიქრობ, რომ ეს დინამიკა, რომელიც ჩინეთთან გვაქვს, ხელახლა დაიწყო ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება გასულ წელს, მიმდინარე წელს კიდევ უფრო გააქტიურდება და შემდგომ წლებში პრაქტიკულ ეკონომიკურ შედეგებსაც მოგვიტანს".

26 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა. მისი თქმით, ისინი ჩინეთში 30 დღის განმავლობაში შეძლებენ უვიზოდ ყოფნას. კობახიძემ ახალ გადაწყვეტილებას უწოდა საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების მნიშვნელოვანი, პრაქტიკული სიახლე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S