Accentnews.ge
მამუკა ხაზარაძე: "სტრასბურგის სასამართლომ უპრეცედენტოდ მოკლე დროში ჩვენი სარჩელი განხილვაში მიიღო"

მამუკა ხაზარაძე: "სტრასბურგის სასამართლომ უპრეცედენტოდ მოკლე დროში ჩვენი სარჩელი განხილვაში მიიღო"

26/02/2024 11:24:03 პოლიტიკა

პარტია "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი და "თიბისი ბანკის" ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მისი საქმე სტრასბურგის სასამართლომ განსახილველად მიიღო.

"სტრასბურგის სასამართლომ უპრეცედენტოდ მოკლე დროში ჩვენი სარჩელი განხილვაში მიიღო. ბიძინა [იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი], მალე დადგინდება საერთაშორისო სასამართლოში, ვინ არის ამ ქვეყანაში ნამდვილი თაღლითი და ვინ იყენებს ქართულ სასამართლოს პოლიტიკური დევნისთვის და პირადი მიზნებისთვის", - წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ეს არის ე.წ. ფულის გათეთრების საქმე, რომელზეც საქართველოში სასამართლო განხილვები წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ამ საქმეზე ბრალი წაუყენეს მამუკა ხაზარაძეს და მის პარტნიორ ბადრი ჯაფარიძეს.

ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, ხოლო 2019 წლის 24 ივლისს მათ ბრალი უკანონო შემოსავლის ლეგალიზების (ფულის გათეთრების) კვალიფიკაციით წარუდგინეს.

ბრალდებულები “ფულის გათეთრების” საქმეს პოლიტიკურ დევნად მიიჩნევდნენ. მამუკა ხაზარაძემ ჯერ კიდევ 2019 წლის მარტში თქვა, რომ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ [2018 წლის 28 ნოემბერი], იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრისგან გიორგი გახარიასგან მიიღო მუქარის შემცველი წერილი, რომელშიც, მისი თქმით, "საუბარი იყო მათი რეპუტაციის განადგურებაზე, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე".

ხაზარაძემ ეს პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა. ეს ფაქტი მან გაიხსენა 2022 წლის 11 იანვარს დასკვნით სასამართლო სხდომაზე წარმოთქმულ საბრალდებო სიტყვაშიც და ხაზი გაუსვა იმას, რომ გამოძიება ამ ფაქტზე პროკურატურას არ დაუწყია. ხაზარაძემ დასკვნით სასამართლო სხდომაზე თქვა ისიც, რომ "ბიძინა ივანიშვილისგან ამ საქმის დალაგების და დასრულების შემოთავაზება მიიღეს".

საქალაქო სასამართლომ განაჩენი 2022 წლის იანვარში გამოაცხადა - ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს ჯგუფურ თაღლითობაში და არა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც პროკურატურა ედავებოდა. მათ მოსამართლემ პატიმრობა არ შეუფარდა.

ამ განაჩენს არ დაეთანხმნენ პოლიტიკოსები და არც პროკურატურა. მათი საჩივრები სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა და უზენაესმა სასამართლომ კი წარმოებაში არ მიიღო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S