ჰერჩინსკი: ინტენსიური კონსულტაციებია ბრიუსელსა და თბილისს შორის, მათ შორის „ვეტინგზე"
26/02/2024 12:32:23 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, „ბრიუსელსა და თბილისს შორის მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები, მათ შორის „ვეტინგზე".
„რაც შეეხება მართლმსაჯულების რეფორმას და ვეტინგს, ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც შეტანილ იქნა ყოველიურ მოხსენებაში საქართველოს შესახებ. დისკუსიები იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ეს, ამჟამდა მიმდინარეობს. მე იმედი მაქვს, ევროკომისია და საქართველო შეთანხმდებიან იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს. ეს კი შეფასებული იქნება გაფართოების შემდეგ მოხსენებაში, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოქვეყნება. ახლა ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს ბრიუსელსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის 9-ვე რეკომენდაციაზე, მათ შორის, "ვეტინგზე". ჩვენ უნდა დავიცადოთ ოქტომბრამდე და დეკემბრამდე. ჩვენ ახლა ვიწყებთ გაფართოების შესახებ მოხსენების მომზადებას და გვაქვს კონსულტაციები პრაქტიკულად ყველასთან”, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ [„მთავარი არხის” თარგმანი].
ცნობისთვის: „ვეტინგი” მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმებაა.
ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში მოყვანილია 9 ნაბიჯი, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს, რათა ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს. 9–დან ერთ-ერთი პირობა სასამართლო რეფორმის დასრულებას ეხება.
ამასთან, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში მოყვანილი რეკომენდაციის თანახმად, საქართველომ უნდა შეიტანოს ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, რათა ის სრულად შეესაბამებოდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
"კერძოდ, შექმნას კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, კანდიდატებისა და იმ პირებისთვის, რომლებიც ამჟამად დანიშნულნი არიან მაღალ თანამდებობაზე სასამართლო სისტემაში, კერძოდ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაეს სასამართლოში და სხვა სასამართლოებში. გარდა ამისა, საზედამხედველო და საკონსულტაციო ფუნქციების განსახორციელებლად ჩამოაყალიბოს ქონებრივი დეკლარაციების მუდმივი და პერიოდული სისტემა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით", – ნათქვამია დოკუმენტში.


