პაატა მანჯგალაძე: ერთგვარი „ვეტინგი“ მოგვიწყო ანტიკორუფციულმა ბიურომ
27/02/2024 10:13:07 პოლიტიკა
ერთგვარი „ვეტინგი“ მოგვიწყო ანტიკორუფციულმა ბიურომ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, როცა ადამიანი კეთილსინდისიერია, მას არანაირი პრობლემა არ აქვს ამასთან დაკავშირებით.
„მოქალაქის განცხადების საფუძველზე გვთხოვენ დამატებით ფინანსური ანგარიშების წარდგენას, მათ შორის ყველა საბანკო გადარიცხვის და ოჯახის ყველა წევრის. მე არანაირი პრობლემა არ მაქვს და ეს ძალიან კარგი მაგალითია იმის, როცა ადამიანი არის კეთილსინდისიერი, მას არანაირი პრობლემა არ აქვს. ერთგვარი „ვეტინგი“ მოგვიწყო ანტიკორუფციულმა ბიურომ. მე ძალიან მიხარია. ამის შემდეგ გამოაშკარავდება, რომ პაატა მანჯგალაძე არ შედის “ქართული ოცნების” და ზოგადად კორუმპირებული დეპუტატების სიაში და შესაბამისად, ადამიანის პატიოსნება და ღირსება იქნება დაფასებული“,- აღნიშნა მანჯგალაძემ.
დეპუტატი აცხადებს, რომ მან გუშინ ჩააბარა ეს მონაცემები და ხალხისგან დასამალი არაფერი აქვს.
ცნობისთვის: ანტიკორუფციული ბიურო საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს, დამატებით 30 ოპოზიციონერი დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებასაც გეგმავს.


