აშშ–ის ელჩმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლა ბაიდენის ციტატით დაიწყო: "ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ვინც იზიარებს ჩვენს ინტერესებს"
28/02/2024 08:10:49 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩმა რობინ დანიგანმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას სიტყვით გამოსვლა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ციტატით დაიწყო.
დიპლომატის თქმით, მისი "როგორც ელჩის ნომერ პირველი პრიორიტეტია, საქართველოსთან გააღრმაოს უკვე არსებული განსაკუთრებული მეგობრობა და პარტნიორობა".
"მინდა, ჩემი დღევანდელი სიტყვით გამოსვლა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ციტატით დავიწყო. ეს არის ციტატა, რომელის ასახულია ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში. პრეზიდენტი ამბობს: "ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად და ყველასთან, ვინც იზიარებს ჩვენს ინტერესებს, ჩვენ არ დავტოვებთ ჩვენს მომავალს დაუცველს მათი ახირების გამო, ვინც არ იზიარებს ჩვენს ხედვას თავისუფალი, ღია, აყვავებული და უსაფრთხო სამყაროს შესახებ". ამ სტრატეგიაში, პრეზიდენტი ბაიდენი ასევე იღებს ვალდებულებას იმუშაოს, ჩვენი ალიანსებისა და პარტნიორობის გაღრმავებაზე და ეს არის ზუსტად ის, რაც მან მთხოვა, რომ გამეკეთებინა, როდესაც აქ ჩამოვედი, ეს არის ჩვენი ისედაც ძლიერი პარტნიორობისა და მეგობრობის გაღრმავება. ქართველებსა და ამერიკელებს აქვთ განსაკუთრებული მეგობრობა, რომელიც, ჩემი აზრით, სათავეს იღებს თავისუფლების მიმართ საერთო სიყვარულიდან. ჩემი, როგორც ელჩის ნომერ პირველი პრიორიტეტია, საქართველოსთან გავაღრმაო უკვე არსებული განსაკუთრებული მეგობრობა და პარტნიორობა", – განაცხადა ელჩმა.


