აშშ–ის ელჩი: ვიცი, რომ გულმოდგინედ იმუშავებთ კანონმდებლობაზე და სხვა სამუშაოზე, რომელიც საჭიროა ცხრა ნაბიჯის შესასრულებლად
28/02/2024 08:33:01 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩ რობინ დანიგანის განცხადებით, შეერთებულ შტატებს სურს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და ამ პროცესში მხარდაჭერას კვლავ გააგრძელებს.
მან იმედი გამოთქვა, რომ მთავრობა მჭიდროდ ითანამშრომლებთს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და საზოგადოების ყველა სექტორთან ამ პროცესის წინსვლისთვის.
"გასული წლის დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება წინგადადგმული ნაბიჯი იყო. კიდევ ერთხელ გილოცავთ! ჩვენ გვინდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. მე ვიცი, რომ ბევრმა თქვენგანმა ამ ოთახში იმუშავა ძალიან, ძალიან ბეჯითად, რათა ამისათვის მიგეღწიათ და ვიცი, რომ მომდევნო თვეებში და წლებში თქვენ გულმოდგინედ იმუშავებთ კანონმდებლობაზე და სხვა სამუშაოზე, რომელიც საჭიროა ცხრა ნაბიჯის შესასრულებლად. შეერთებული შტატები მხარს გიჭერთ და გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ამ ძალისხმევაში. ვიმედოვნებთ, რომ თქვენ ასევე მჭიდროდ ითანამშრომლებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და საზოგადოების ყველა სექტორთან ამ პროცესის წინსვლისთვის. საბოლოო ჯამში, ევროკავშირში გაწევრიანება მოითხოვს კონსენსუსს და ერთიანობას ქართულ საზოგადოებაში.
ერთ-ერთი პირველი, რაც გავაკეთე საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, იყო ის, რომ ბრიუსელში წავედი და ვისაუბრე ევროკავშირთან საქართველოს კანდიდატობის საკითხზე. ჩვენ ახლა ყოველდღიურად ვმუშაობთ ევროკავშირთან, საქართველოსთან და სხვებთან, რათა დაგეხმაროთ თქვენს საქმიანობაში ცხრა ნაბიჯის შესრულებასთან დაკავშირებით. ძალიან გამიხარდა, რომ პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი იყო ბრიუსელში, სადაც იგი შეხვდა ევროკავშირის წარმომადგენლებს", – განაცხადა ელჩმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას.


