ნინო გიორგობიანი შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლად დაინიშნა
28/02/2024 09:09:16 პოლიტიკა
მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, ნინო გიორგობიანი შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლად დაინიშნა.
ინფორმაციას შს სამინისტროში ადასტურებენ.
ცნობისთვის: ნინო გიორგობიანი საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე 2021 წელს დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ პოსტზე ნინო გიორგობიანის ყოფნის დროს შემუშავდა საქართველოს მთავრობის 2024-2027 წლების საკომუნიკაციო სტრატეგია.
როგორც საქართველოს მთავრობაში აცხადებდნენ, მთავრობის მიერ შემუშავებული დოკუმენტის მიზანი მთავრობასა და საზოგადოებას შორის პროაქტიული, თანმიმდევრული და კოორდინირებული საკომუნიკაციო სისტემის ერთიანი ხედვის შემუშავება იყო.
სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება დეზინფორმაციისა და ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ ბრძოლა, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერება და ამავე კუთხით სახელმწიფო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების დანაყოფების შესაძლებლობების განვითარებაა.
"სტრატეგიის მიზნებისთვის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროგრამის („სტრატეგიული კომუნიკაციები უკეთესი მომავლისთვის“) ფარგლებში ჩატარდა საქართველოს სამთავრობო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემური კვლევა, რომლის შედეგად გამოიკვეთა, ერთი მხრივ, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები, ხოლო მეორე მხრივ, სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარების შესაძლებლობები" - აცხადებდნენ საქართველოს მთავრობაში.


