Accentnews.ge
ზურაბიშვილი – სააკაშვილზე: იგი არ არის ნავალნი

ზურაბიშვილი – სააკაშვილზე: იგი არ არის ნავალნი

29/02/2024 05:20:26 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "არ არის [ალექსეი] ნავალნი". ამის შესახებ პრეზიდენტმა ლონდონში Chatham House-ის მიერ ორგანიზებული დისკუსიის დროს ისაუბრა.

ზურაბიშვილის თქმით, სააკაშვილი ციხეში რეალური მიზეზებით ზის:

"თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ სად იქნება [მიხეილ] სააკაშვილი. ის არ არის პოლიტიკური ოპონენტი ციხეში, პირდაპირ რომ გიპასუხოთ, ის არ არის [ალექსეი] ნავალნი. ის არის ყოფილი პრეზიდენტი, რომლის პრეზიდენტობის პერიოდში ბევრი ისეთი რამ მოხდა, არ ვიცი რა დავარქვა ამას... ვგულისხმობ, რასაც ახლა ვხედავთ და რასაც სხვადასხვა რეჟიმის, ავტორიტარული რეჟიმების დროს ვხედავდით, ადამიანის უფლებების დარღვევებს ციხეებში, ამას ყველაფერს ვხედავდით და ამაში გვიცხოვრია სააკაშვილის მმართველობის დროს. ასე, რომ ის რეალური მიზეზებით არის ციხეში, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა უარვყოთ და არ უნდა დავიცვათ, ან არ უნდა ვცეთ პატივი ჰუმანიტარულ პერსპექტივას. ჩვენ ვაკვირდებით რა ხდება ციხეში...".

სალომე ზურაბიშვილი ისევ არ პასუხობს კითხვას მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესაძლებლობაზე:

"რეპუტაციულად, უმჯობესი იქნებოდა, [მიხეილ სააკაშვილი] სადმე სხვაგან ყოფილიყო. ეს მთავრობის გადაწყვეტილებაა. სხვადასხვა გზა არსებობს იმისა, როგორ შეიძლება, ამ საკითხის გადაწყვეტა. სხვა ქვეყნები მიმართავენ ხოლმე შინაპატიმრობას, ასევე არსებობს ექსტრადიცია, უკრაინამ გამოიჩინა მზაობა. ჩემის მხრივ, ერთი შესაძლებლობა მაქვს, რაზეც არასდროს ვაკეთებ კომენტარს ქვეყნის გარეთ და რთულად ვპასუხობ ამ კითხვას ქვეყნის შიგნით. ბევრი სხვა ადამიანი ელოდება შეწყალებას და ახსნას თუ დაიწყებ, არასამართლიანი იქნება მათ მიმართ. ასე რომ, კომენტარს არ გავაკეთებ. ეს მორალური გადაწყვეტილებაა, რომელსაც ჩემით მივიღებ და მხოლოდ მე ვიქნები პასუხისმგებელი. ეს ნამდვილად არ არის ის, რაზეც გარე ან შიდა ზეწოლა იმოქმედებს".

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. სასამართლომ მას პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის რიგი სპეციალისტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

ადვოკატებმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან მისი სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნით თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს მიმართეს - მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამის შემდეგ სააკაშვილის უფლებადამცველებმა მიმართეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს და მოითხოვეს დაუყოვნებელ ზომად გამოყენებულიყო მისი საზღვარგარეთ გადაყვანა. სასამართლო საქმის განხილვას განაგრძობს, თუმცა ეს ნაწილი არ დააკმაყოფილა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S