კახა კალაძე მიმდინარე წელს საქართველოში დაგეგმილ არჩევნებში რუსეთის მხრიდან შესაძლო ჩარევის საფრთხეს ვერ ხედავს
29/02/2024 09:06:17 პოლიტიკა
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე მიმდინარე წელს საქართველოში დაგეგმილ არჩევნებში რუსეთის მხრიდან შესაძლო ჩარევის საფრთხეს ვერ ხედავს. შესაბამისი განცხადება მან დღეს ჟურნალისტებთან გააკეთა.
ჟურნალისტებმა მას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების შესახებ ჰკითხეს, რომელშიც პრეზიდენტმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში რუსულ პროპაგანდასა და შესაძლო ჩარევებზე ისაუბრა.
კალაძე აცხადებს, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება და ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს არეულობის შემოტანას:
„არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად, როგორც ეს წინა წლების განმავლობაში ხდებოდა. არც რუსეთს, არც ამერიკას, არც ევროპას, არცერთ ქვეყანას არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერიოს და არეულობის მცდელობა ჰქონდეს. სხვათაშორის, ამის მაგალითი გვქონდა 2020 წლის არჩევნებზე. კონკრეტულად გვახსოვს ISFED (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება) პარალელურ დათვლებს აყალბებდა. თუ გავყვებით ამ ამბავს, ვნახავთ საიდან ფინანსდებოდნენ, ვინ იდგა ამის უკან და ა.შ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არჩევნებზე დაძაბულობის შემოტანის შესაძლებლობა არავის მიეცემა.ხელისუფლების ცვლილებას არაკანონიერი გზით ვერავინ მოახდენს. ხელისუფლებების ცვლილებები უნდა მოხდეს მხოლოდ არჩევნებით და ხალხის გადაწყვეტილებით“.
გარდა საქართველოს პრეზიდენტისა, ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებიც აცხადებენ, რომ "არსებობს რეალური საფრთხე, რომ რუსული დეზინფორმაცია საფრთხეს შეუქმნის საარჩევნო სისტემას".
რა მაგალითზე საუბრობს კალაძე
ISFED-მა საარჩევნო ხმების პარალელური დათვლის წინასწარი შედეგები 2020 წლის 1 ნოემბერს გამოაქვეყნა. ამ მონაცემების გამოქვეყნების შემდგომ, პარალელური დათვლის შედეგებსა და ცესკოს მონაცემებს შორის სხვაობა სამი პარტიის, „ქართული ოცნების“, „ერთიანი ნაცინალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ შემთხვევაში დაფიქსირდა. სხვაობა ცდომილების ზღვარს სცდებოდა.
ორგანიზაციამ შიდა აუდიტის პროცედურა დაიწყო, რაც ყველა არჩევნების შემდეგ პარალელური დათვლის თანმდევი პროცესია და როგორც ორგანიზაციის გამგეობის წევრმა თამარა სართანია განმარტა, სწორედ მაშინ გამოვლინდა ხარვეზი - დათვლილი იყო ბათილი ბიულეტენებიც. ეს მაშინ, როცა საქართველოს კანონმდებლობით, ბათილი ბიულეტები არ ითვლება. ითვლება მხოლოდ ნამდვილი ხმები. მოგვიანებით, ხარვეზი გასწორდა, რომლის შედეგადაც ISFED–ის პარალელური დათვლის შედეგები მიუახლოვდა ცესკოს შედეგებს.
იმის დასადგენად, თუ რა მოხდა რეალურად პროცესში ISFED–ის გამგეობა ჩაერთო. შეიქმნა დაშვებული ცდომილების მიზეზების მოკვლევის კომისია, რომელმაც ორ მთავარ კითხვას გასცა პასუხი: რა გახდა ცდომილების მიზეზი PVT-ში და ვისი პასუხისმგებლობა იყო ეს შეცდომა და როდის გახდა ISFED-ისთვის ცნობილი ეს მონაცემი და რატომ გაიგო ეს მონაცემი საზოგადოებამ დაგვიანებით.
კომისიამ დასვა კითხვა, რადგან ბათილ ბიულეტენებს საქართველოში დიდი ხანია არ ითვლიან, როგორ მოხდა, რომ 2016 წელს, ფორმულამ სწორად დათვალა შედეგები, ახლა კი შეცდომით?
როგორც სართანიამ განმარტა, 2020 წლის პროგრამული უზრუნველყოფა არ ეყრდნობოდა 2016 წლის Soft-ს. რადგან ეს მეთოდოლოგია სულ იცვლება და იხვეწება, ყოველი შემდგომი პარალელური დათვლა ეყრდნობა არა იმავე ქვეყანაში გამოყენებულ პარალელური დათვლის მეთოდს, არამედ, იმ ქვეყნისას, სადაც ყველაზე ბოლოს იყო ის გამოყენებული. ამ შემთხვევაში პარალელური დათვლა დაეფუძნა სერბეთის მოდელს, სადაც ბათილი ბიულეტენები ითვლება.
კომისიამ მოიკვლია, რომ ISFED პარალელურ დათვლას არ აკეთებს დამოუკიდებლად. ის ამისთვის ქირაობს NDI-ს ექსპერტებს და სწორედ მათთან ერთად აკეთებს პროგრამულ უზრუნველყოფას, უბნების შერჩევას და ეხმარება მას ანალიზში. თუმცა საბოლოო პროდუქტზე, პასუხისმგებელი არის თავად ორგანიზაცია ISFED. კომისიამ საბოლოო ჯამში, დაასკვნა, რომ ეს იყო „ადამიანური შეცდომა“, რამაც ყველაფერი გამოიწვია. კომისია ხაზგასმით ამბობს, რომ ეს წინასწარ, მიზანმიმართულად არ მომხდარა.


