ევროპარლამენტის წლიურ ანგარიშში მიხეილ სააკაშვილის საკითხის ასახვის გამო "ოცნება" ევროპარლამენტარების ნაწილს აკრიტიკებს
29/02/2024 11:14:07 პოლიტიკა
ევროპარლამენტის წლიურ ანგარიშში საქართველოს ექს–პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხის ასახვის გამო "ქართული ოცნება" ევროპარლამენტარების ნაწილს აკრიტიკებს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, "მსგავსი ტიპის ინიციატივები პროვოკაციულია".
„მე მიმაჩნია, რომ ასეთი ინიციატივები პოლიტიკურად ანგაჟირებული ევროპარლამენტარების მხრიდან, ანგაჟირებულზე მეტად, საქართველოში კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიმართ მიკერძოებული და პროვოკაციულია. პირდაპირ უნდა ვთქვა, რადგან არ ვიცი, თუ ვინმე აცნობიერებს იმ გარემოებას, რა რეპუტაცია აქვს მიხელ სააკაშვილს საქართველოში, რა შეიძლება, მოჰყვეს, მათ შორის – საქართველოში ევროპის მიმართ განწყობების თვალსაზრისით ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს და მოსაზრებებს. ალბათ, ცოტა მეტი პასუხისმგებლობით უნდა უდგებოდნენ ასეთ ინიციატივებს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მმართველი პარტიის გენმდივანი კახა კალაძე მიიჩნეევს, რომ მსგავსი განცხადებები „შეურაცხმყოფელია" და დასავლეთთან საქართველოს ურთიერთობებს აზიანებს.
„ზოგადად, ასეთი რეზოლუციები დამაზიანებელია იმ ურთიერთობებისთვის, რაც არსებობს, უბრალოდ შეურაცხმყოფელია. არაერთი რეზოლუცია გვინახავს, სადაც მძიმე რაღაცები იყო ჩაწერილი, შემდეგ მოგვიანებით გამოიკვეთა თუ როგორ ხდებოდა აღნიშნული რეზოლუციების მიღება. ვიღაც თანხას იხდის, შემდეგ ინიღბება ლობიზმით და ხდება ასეთი რეზოლუციების მიღება. ეს ძალიან მძიმეა, აზიანებს იმ ურთიერთობებს, რაც არსებობს დასავლეთთან”,-აღნიშნა კალაძემ.
კითხვაზე, თუ ვინ შეიძლება იდგეს ამ ყველაფრის უკან, კალაძე აღნიშნავს: „ალბათ, მოგვიანებით გავიგებთ, “ფარას” დოკუმენტაციაში იქნება წარმოდგენილი, რა როგორ ხდებოდა, შეიძლება გავიგოთ, ან ვერა“.
„როდესაც ყველაფერი გამოაშკარავდა იცით რამხელა რეზონანსი მოჰყვა. გვეუბნებოდნენ დემოკრატიული პროცესები იყო, მაგრამ ფულის მიცემა იყო, რაც ინიღბებოდა ლობიზმით. სამწუხაროა, როდესაც დემოკრატიით ინიღბება განცხადებები და გადაწყვეტილებები. “ფარას”დოკუმენტი ყველამ ვნახეთ, სადაც კონკრეტული სახელი და გვარები იყო მითითებული, ვინ იხდიდა თანხას, რეზოლუციის მიღებაზე იყო საუბარი“,-აღნიშნა კალაძემ.
ევროპარლამენტის საგარეო პოლიტიკურ წლიურ ანგარიშში, რომელიც 28 თებერვალს გამოქვეყნდა, საქართველოსთან დაკავშირებით ორი ცვლილება შევიდა. ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ დოკუმენტში მისი მოთხოვნით ორი შესწორება შევიდა. ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ცვლილებები ეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს.


