Accentnews.ge
პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო

05/03/2024 07:12:21 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, რომელიც 11-გვერდიანია, პარლამენტს უკვე წარედგინა.

პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში ეუთო/ოდირის მიერ საქართველოსთვის მიცემულ რეკომენდაციებს მიმოიხილავს და ვეტოს გამოყენებასაც ამ ჭრილში ხსნის.

„საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ისევ შეზღუდულია საქართველოს პრეზიდენტის როლი ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე განწესების პროცესში. 2024 წლის 20 თებერვლის საკანონმდებლო ცვლილებებში იმის დამატება, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ჯერ 3/5-ით, ხოლო შემდეგ ½-ის უმრავლესობით ორჯერ ვერ აირჩევს კანდიდატს, საკითხი გადაეცემა პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, არსებითად ვერ ცვლის პრეზიდენტის ჩართულობის ხარისხსა და როლს, რადგან ძალიან დაბალია იმის ალბათობა, რომ საქართველოს პარლამენტი ½-ის უმრავლესობით ორჯერ ვერ შეძლებს კანდიდატის არჩევას“, – აღნიშნულია პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში.

ამასთან, პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს „საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, 2024 წლის პირველ მაისამდე გამოაცხადოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე განსაწესებელი ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატისა და ცესკო-ს ყველა იმ არჩეული წევრის თანამდებობაზე განსაწესებელი ცესკო-ს წევრობის კანდიდატების შესარჩევი ღია კონკურსი, რომლის უფლებამოსილების 6-თვიანი ან 5-წლიანი ვადაც გასულია ან 2024 წლის პირველ მაისამდე გადის და შექმნას ამ კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისია. ამის შემდეგ, კანონის თანახმად, გაგრძელდეს შესაბამის პირთა ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს აღნიშნული წევრების თანამდებობებზე განწესებისთვის დადგენილი სათანადო პროცედურები“.

პრეზიდენტის "მოტივირებული შენიშვნები" ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გავა, ხოლო მის სესიაზე გატანამდე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.

პარლამენტმა 20 თებერვალს "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებები დაამტკიცა, რომლითაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელიც ოპოზიციიდანაა დანიშნული.

კანონის პროექტი ცესკოს ე.წ. პროფესიული წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცედურის ცვლილებასაც ითვალისწინებს: კერძოდ, პირველ ეტაპზე, წევრის და თავმჯდომარის არჩევა შესაძლებელი იქნება პარლამენტის შემადგენლობის სამი მეხუთედის (90 ხმა) მხარდაჭერით. თუკი კანდიდატები ხმების საკმარის რაოდენობას ვერ მოიპოვებენ, მეორე კენჭისყრაზე ჩვეულებრივი უმრავლესობა (76 ხმა) მიიღებს გადაწყვეტილებას. კანდიდატურების მორიგი ჩავარდნის შემთხვევაში, კენჭისყრა ანალოგიური პრინციპით გაიმართება.

თუ პარლამენტი ვერც ამ შემთხვევაში შეძლებს ცესკოს პროფესიული წევრებისა და თავმჯდომარის არჩევას, კანდიდატურების დანიშვნის უფლებამოსილება პრეზიდენტს გადაეცემა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S