რუსეთი საქართველოდან ლუქს-ავტომობილების უკანონოდ შეყვანის შესახებ იუწყება
06/03/2024 10:15:17 პოლიტიკა
რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახური სტავროპოლის მხარეში საქართველოდან "ტოიოტას", "მერსედესისა" და "ლექსუსის" მარკის ავტომობილების "უკანონოდ შეყვანის" შესახებ იუწყება.
რუსული უწყების ინფორმაციით, 9 ავტომანქანა სტავროპოლის მხარეში დააკავეს.
როგორც მებაჟეებმა დაადგინეს, ცხრავე რუსეთის ტერიტორიაზე ზემო ლარსის გავლითაა შეყვანილი, სადაც ისინი საბაჟო ტრანზიტის პროცედურას დაუქვემდებარეს, საბოლოო დანიშნულების პუნქტად კი ყირგიზეთია მითითებული. თუმცა საზღვრის კვეთის შემდეგ, საბაჟო ორგანოს ნებართვის გარეშე, ავტომობილები ავტომზიდებზე განათავსეს და გადასცეს მძღოლებს, რომელთა ვინაობა საბუთებში მითითებული არ არის.
"დადგინდა, რომ რეალურად, ლუქს-მანქანები მოსკოვში მიემართებოდნენ შემდგომი გაყიდვის მიზნით. მათი ჯამური ღირებულება 200 მილიონ რუბლს (2,2 მილიონ დოლარს) შეადგენს. საბაჟო ტრანზიტის პროცედურის დამრღვევი 5 დეკლარანტის მიმართ საქმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საფუძველზე აღიძრა" - ნათქვამია რუსული უწყების ინფორმაციაში.
ცნობისთვის: საქართველოს რუსეთში ავტომობილების რეექსპორტზე აკრძალვა აქვს დაწესებული, თუმცა ის არ ვრცელდება მანქანებზე, რომლებიც სხვა ქვეყნებში ტრანზიტისთვისაა განკუთვნილი.
iFACT- ის გამოძიებამ ამასწინათ დაადგინა, რომ ყოველდღიურად რუსეთში საქართველოდან სანქციების გვერდის ავლით პირდაპირ ან შუამავალი ქვეყნების გავლით ასობით ავტომობილი მიემართება. გამოძიებაში მოთხრობილია როგორ არის აწყობილი ექსპორტის სქემები და რა რისკები ელის საქართველოს ამ უკანონო ბიზნესის გამო. გამოძიების მასალების თანახმად, სომხეთში, ყირგიზეთსა და ყაზახეთში მანქანები იმავე კომპანიებს გადაჰყავთ, რომლებიც რუსეთში მიწოდებებს უკრაინაში ომის დაწყებამდეც ახორციელებდნენ.
თავის მხრივ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ამ პუბლიკაციას დეზინფორმაცია უწოდეს და განაცხადეს, რომ დასავლეთის ქვეყნებისა და იაპონიის მიერ შემოღებული სანქციების გამო საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა სატრანზიტო დერეფანი მკაცრად კონტროლდება.


