Accentnews.ge
ვინ ესწრება საქართველოდან პუტინის "ახალგაზრდულ ფორუმს"

ვინ ესწრება საქართველოდან პუტინის "ახალგაზრდულ ფორუმს"

06/03/2024 11:08:33 პოლიტიკა

საქართველოდან დელეგაცია რუსეთში გაემგზავრა სოჭში მიმდინარე "მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალში" მონაწილეობის მისაღებად, რომელიც კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით იმართება.

როგორც Эхо Кавказа იტყობინება, ფორუმზე ქართულ დელეგაციასთან ერთად ასევე წარმოდგენილები არიან ახალგაზრდები და "ოფიციალური" პირები ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალიდან – ქართულის გვერდით ფრიალებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს "დროშები".

ქართულ დელეგაციას "პრიმაკოვის ცენტრის" ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს. არსებული ცნობებით, დელეგაციის წევრებს შორის არიან:

  • ანა ხოტივრიშვილი - ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, პოსტსაბჭოთა ქვეყნების საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილე;
  • იულია კლიუჩნიკოვა - რუსულენოვანი გიდი თბილისში;
  • ინესა როდინა -საქართველოს სამგზის ჩემპიონი სპორტულ აკრობატიკაში მარნეულიდან;
  • კარინე არაკელიანი - მასწავლებელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან;
  • ტატიანა ბალაბანოვა - სოფელ გორელოვკას მცხოვრები;
  • რუსეთში ქართული თემის წარმომადგენლები;
  • სოჭში იმყოფება ლალი მოროშკინაც, რომელიც პერიოდულად გამოდის რუსულ ტელეარხებზე და კომენტარს აკეთებს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე.

ფორუმის ერთ-ერთმა მონაწილემ Эхо Кавказа–ს უთხრა, რომ ფორუმზე საქართველო 35 პირით იყო წარმოდგენილი.

მისი თქმით, დელეგაციის წევრები ფორუმის ოს მონაწილეებს შეხვდნენ, მაგრამ „ყველაზე მეტად ისინი დამეგობრდნენ ინგუშეთის წარმომადგენლებთან“.

საზოგადოებამ ადეკვატურად უნდა უპასუხოს იმ ჯგუფების ქმედებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ ოკუპანტ სახელმწიფოსთან, – ამბობს მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი: „როდესაც საქართველოს 20% ოკუპირებულია, როდესაც უკრაინელები უკრაინაში იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ, მტრულ სახელმწიფოსთან ნებისმიერი თანამშრომლობა ამორალური ქმედებაა“.

მისი თქმით, პრორუსული ჯგუფები ცდილობენ, საზოგადოებას შეუქმნან ილუზია, თითქოს მოსკოვი შეარიგებს ქართველებს აფხაზებსა და ოსებს, თითქოს რუსეთი მშვიდობისმყოფელია.

ფორუმზე ოკუპირებული ცხინვალის დელეგაცია 130 ადამიანითაა წარდგენილი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ალან თიბილოვის ხელმძღვანელობით.

აფხაზულ დელეგაციაში 100 პირი შედის. ე.წ. რესპუბლიკის "საგარეო საქმეთა სამინისტროს" ხელმძღვანელმა ინალ არძინბამ მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა დიპლომატთა გლობალური ფორუმის სესიაში, სადაც, კერძოდ, გააკრიტიკა შეერთებული შტატები და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას „არ სჭირდება ომი."

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S