პრეზიდენტი – რუსეთთან ფრენებსა და რუსების შემოსვლაზე: წინსწრებით უნდა ვიცოდეთ, რა არის ჩვენთვის მისაღები, რომ არ დავთმოთ რაღაცები, რომელიც მერე შეიძლება, ძალიან სახიფათო აღმოჩნდეს
06/03/2024 17:20:55 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, წინსწრებით უნდა ვიცოდეთ, რა არის ჩვენთვის მისაღები, რომ არ დავთმოთ რაღაცები, რომელიც მერე შეიძლება, ძალიან სახიფათო აღმოჩნდეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტების ნაწილთან შეხვედრისას განაცხადა.
"ძალიან თავის შეკავება და პრინციპებზე უარის თქმა, იმიტომ, რომ ჩვენ ამით რუსეთს ვასიამოვნებთ, არასწორი მგონია. რაღაც კონფრონტაციისგან თავი რომ შევიკავოთ, შემიძლია გავიგო, მაგრამ ეს ბალანსი და რაღაც ოქროს ხაზი ყველაზე რთული და ყველაზე საჭიროა ამ ქვეყნისთვის ამ მომენტში. მაგალითად, მე დათმობად მიამჩნია გახშირება ფრენების მოსკოვიდან აქ N რაოდენობით, რომელსაც არ ვაკონტროლებთ, ასევე რუსების შემოსვლა, რომელსაც არ ვაკონტროლებთ. მაგალითი რომ ავიღო, სწორედ ამ რუსების შემოსვლაზე, ძალიან მარტივი იყო, როგორც კი დაიწყო ეს დიდი ტალღა, ჩვენ გვეთქვა, კი მოვიდნენ, კი შემოვიდნენ, მაგრამ ჩვენ შევცვლით ვიზის ხანგრძლივობას, გადავიდეთ 3 თვეზე და გვქონდეს მეტი მართვა იმისთვის, რომ არ შეიქმნას რაღაც ინციდენტები, ამან რაღაც სხვა რეაქციები არ გამოიწვიოს, ეს არ მოხდა. დღეს ეს რომ გააკეთო 2 წლის თავზე, შეიძლება, აღქმული იყოს, როგორც კონფრონტაციული ნაბიჯი - როგორ, ის, რაც მიღებულია, შემოვდივარ, გავდივარ, როგორც მინდა, ცოტა შეზღუდვებით, დღეს უკვე შენ რაღაც ჩემს მიმართ აგრესიულ ნაბიჯს იღებ, რომ ამ საშუალებას მიწყვეტ. იგივე არის ფრენებზე, ფრენები შეიძლება, დართო ერთი ან ორისთვის, თუ გადაწყვიტე და ერთობლივადაა გადაწყვეტილი, მაგრამ მასიურად რომ უშვებ და რეალურად ამაზე ძალიან ცოტა კონტროლი გვაქვს, თუ რომელიმე დღეს შეიცვლება სიტუაცია, რომ ჩვენ იძულებული გავხდებით ვთქვათ, რომ ეს ზედმეტია, ეს უკვე გამოჩნდება როგორც კონფრონტაციული. ამიტომ წინსწრებით, საჭიროა ვიცოდეთ, რა არის ჩვენთვის მისაღები, რა არ არის მისაღები და ამ პრინციპებს შორის ვმოქმედებდეთ, რომ არ დავთმოთ რაღაცები, რომელიც მერე შეიძლება ძალიან სახიფათო აღმოჩნდეს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ჟურნალისტის მიერ დასმული შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.


