პარლამენტმა თანამდებობის პირებისთვის ხელფასების გაზრდაზე კანონი III მოსმენით მიიღო
07/03/2024 10:18:14 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ხელფასის ზრდას ითვალისწინებს.
კანონპროექტს 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან.
საკანონმდებლო ცვლილებით წესრიგდება შემდეგი პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურების წესი: საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის და მთავრობის თავმჯდომარის, მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის და უმაღლესი საბჭოს კომიტეტის/ფრაქციის თავმჯდომარის, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის და მინისტრის პირველი მოადგილის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტის/ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილის და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის.
კანონპროექტი 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.


