ირაკლი კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას ზურაბ აბაშიძის ნაცვლად გიორგი ქაჯაია დაიკავებს
11/03/2024 06:14:53 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის მეთაურის მრჩეველი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ქაჯაია იქნება, ხოლო ზურაბ აბაშიძე პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს.
პრემიერის გადაწყვეტილებით, შეიცვალა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსიც.
„მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა ნიკოლოზ ტყემალაძე, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა გიორგი ქაჯაია, ხოლო პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა ზურაბ აბაშიძე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
- გიორგი ქაჯაიას რუსეთში შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა.
- ზურაბ აბაშიძეს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი 2012 წლის ბოლოდან იყო. იგი "აბაშიძე- კარასინის" ფორმატში მოლაპარაკებებს მართავდა.


