ვაშინგტონი თბილისს დახმარებას $8 მილიონით უმცირებს – რას ფიქრობენ საქართველოში?
12/03/2024 08:56:45 პოლიტიკა
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარებისთვის 80 მლნ აშშ დოლარია გათვალისწინებული.
დოკუმენტში საუბარია, რომ ეს დაეხმარება "ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და გაზრდის მდგრადობას მავნე გავლენის წინააღმდეგ".
"დაფინანსება ხელს შეუწყობს ინსტიტუციური კონტროლისა და ბალანსის გაძლიერებასა და კანონის უზენაესობას; საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების წინსვლის მცდელობების მხარდაჭერას; გააუმჯობესებს ხელმისაწვდომობას დამოუკიდებელ, სანდო და დაბალანსებულ მედიაზე; ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პლურალიზმს; მხარს დაუჭერს შერიგების მცდელობებს, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში; გაზრდის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და გამოიწვევს სუფთა ენერგიის წინსვლას; ხელს შეუწყობს ეკონომიკური განვითარებისა და დივერსიფიკაციისთვის აუცილებელი რეფორმებს; გააძლიერებს კიბერუსაფრთხოებას; გააფართოებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობას; დაეხმარება საქართველოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში; გააძლიერებს საზღვრების უსაფრთხოებასა და ანტიკორუფციული ინიციატივების ინსტიტუციურ შესაძლებლობებს, საჯარო ანგარიშვალდებულებას, შიდა კონტროლა და ზედამხედველობას მთავრობაში", – ნათქვამია დოკუმენტში.
2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დახმარებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზრდება სომხეთისთვის (40-დან 45 მილიონ დოლარამდე); მოლდოვის შემთხვევაში უცვლელია (55 მილიონი); დასავლეთ ბალკანეთის შემთხვევაში კი კლებაა (108,1 მილიონიდან 105,6 მილიონამდე).
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ბიუჯეტის თანახმად, საქართველოსთვის 88 მილიონი აშშ დოლარი იყო გამოყოფილი.
რამ განაპირობა შემცირება, სახელმწიფო დეპარტამენტში არ განუმარტავთ, საქართველოს ხელისუფლება კი უკვე შეუდგა ცნობის სამოქალაქო სექტორზე თავდასხმისთვის გამოყენებას, თითქოს თანხა მნიშვნელოვანწილად სამოქალაქო სექტორისთვის იყო განკუთვნილი და არაფერი უთქვამთ იმის შესახებ, რომ ამ რესურსებით ფინანსდება კონკრეტული პროექტები, რითაც მოქალაქეები სარგებლობენ.
„ვერაფერს გეტყვით, ამ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს შეერთებული შტატები. იცით, რომ ამ დაფინანსების ძალიან დიდი ნაწილი მიემართება არასამთავრობო ორგანიზაციებისკენ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმედები გაუცრუეს ამერიკის სახელმწიფოს შარშან, შარშანწინ. შეიძლება, ეს გახდა დაფინანსების შემცირების მიზეზი“,– ამგვარი გამოსავალი იპოვა თემის კომენტირებისას პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ამავე თემაზე: „ფაქტ-მეტრი" – რატომ არის ტყუილი, რომ აშშ-ის დაფინანსების უდიდესი ნაწილი არასამთავრობოებზე მოდის
კომენტატორთა ნაწილი არ გამორიცხავს, ეს დაკავშირებული იყოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან აშშ–ის მიმართ „მტრულ დამოკიდებულებასთან“, დემოკრატიის კუთხით პრობლემებთან, ხოლო პრემიერის კომენტარს პასუხისმგებლობის არიდების მცდელობად აღიქვამენ, მით უფრო, რომ დახმარების დიდი ნაწილი სწორედ რომ სახელმწიფო ინსტიტუტებში მიდიოდა.
„ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმები პირდაპირ არის კავშირში იმ ტექნიკურ დახმარებასთან, რომელსაც გამოყოფენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ნებისმიერი ტექნიკური დახმარება, რომელიც მოდიოდა საქართველოში, ეს იყო საქართველოს მოქალაქეების მიმართ კეთილი ჟესტი და ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლების ამ დამოკიდებულების გამო შესაძლოა, ტექნიკური დახმარებები შემცირდეს“,– თქვა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.
"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი თამარ ხიდაშელი ურთიერთობებში შესაძლო დინამიკაზე მიუთითებს, რაც გაცილებით უფრო რთული მოცემულობა უნდა იყოს, ვიდრე კონკრეტული დახმარების შემცირება.
„აშშ–ის მხრიდან დაფინანსების მოცულობა ასევე მიბმულია ხოლმე კეთილგანწყობაზე პარტნიორი სახელმწიფოს მიმართ. მოცულობის შემცირება შესაძლოა, არ იყოს ტრაგიკული, მაგრამ შესაძლოა, დინამიკას აჩვენებდეს, რომ რაღაც არ არის კარგად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში. აშშ–ს დიდი ხნის წინ აქვს გაცხადებული თავისი მყარი ნება, რომ საქართველოს მხარდაჭერა აღმოუჩინოს, თუმცა ბოლოდროინდელი, ვიტყოდი, მტრული დამოკიდებულება ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან აშშ–ის მიმართ, იგივე აშშ–ისა და ჩინეთის ერთმანეთთან შეპირისპირება – შესაძლოა, მსგავსი ტიპის "მესიჯები" ახდენდეს გავლენას ურთიერთთანამშრომლობაზე“,– შიშობს ხიდაშელი.
იხილეთ ასევე: რატომ ალაპარაკდა თბილისი ვაშინგტონთან ურთიერთობებში „სისუსტეებზე“


