ხატია დეკანოიძე: გერმანიასა და ბელგიასთან ულტიმატუმების ენით საუბარი არის ძალიან უხერხული
12/03/2024 08:15:51 პოლიტიკა
ულტიმატუმების ენით საუბარი გერმანიასთან და ბელგიასთან არის ძალიან უხერხული, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" წევრმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ვინმე არის დამნაშავე იმაში, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა არ იწვევს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ნდობას, ეს არის "ქართული ოცნება".
"ულტიმატუმების ენით საუბარი გერმანიასთან და ბელგიასთან არის ძალიან უხერხული, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ იმ სიტუაციაში, როდესაც მოლაპარაკებები უნდა გაიხსნას ევროკავშირთან და არ მგონია, რომ რეალურად, ახლა საქართველოს ხელისუფლება კანონის უზენაესობის სტანდარტით იმ პოზიციაში იყოს, რომ ასეთი ულტიმატუმების ენით ესაუბროს ჩვენს პარტნიორებს, - განაცხადა დეკანოიძემ.
ცნობისთვის: საქართველოს პროკურატურამ იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით გერმანიის და ბელგიის უწყებებს მიმართა. როგორც უწყებაში აცხადებენ, მიმართვა საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა.


