თეონა აქუბარდია: „ვეტინგი“ არც ოპოზიციის აკვიატებაა და არც არასამთავრობო სექტორის, ეს არის ვენეციის კომისიის რეკომენდაცია
12/03/2024 08:19:28 პოლიტიკა
„ვეტინგი“ არც ოპოზიციის აკვიატებაა და არც არასამთავრობო სექტორის, ეს არის ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი შეფასებით, ხელისუფლება „კლანს” იცავს და ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს.
„ამ მოცემულობაში საოცარია, როდესაც უზენაესი სასამართლო აკეთებს ამ განცხადებას, მათ შორის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან კიდევ ერთი მაჩვენებელია იმისა, რომ მთელი ეს ბრძოლა „კლანის“ დასაცავად ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება. როდესაც ამხელა ანტიდასავლური პროპაგანდა ისმის „ქართული ოცნების" მხრიდან, ლამის სუვერენიტეტში ჩარევა დააბრალეს ევროკავშირს და ევროკომისიას ამ რეკომენდაციიდან გამომდინარე, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ სასამართლოში „კლანი“ ძლიერია და „ქართული ოცნების“ მხრიდან გარანტირებულია იმ მოსამართლეების ხელშეუხებლობა, რომლის სავარაუდო კორუფციული გზით გამდიდრების შესაძლებლობა არსებობს. ამ საკითხზე საზოგადოებაში ღია კითხვები არსებობს", - განაცხადა აქუბარდიამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლო გამოთქვამს შეშფოთებას მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის - ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით. როგორც სასამართლოს მიერ 11 მარტს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ნათელია, რომ ე.წ. ვეტინგი არ მიეკუთვნება საერთაშორისო სტანდარტს, უხეშად ლახავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს და ითვალისწინებს სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს - სასამართლოს დაკომპლექტების მექანიზმების გარე აქტორების ხელში გადატანას.
ცნობისთვის: „ვეტინგი” მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმებაა.
ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში მოყვანილია 9 ნაბიჯი, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს, რათა ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს. 9–დან ერთ-ერთი პირობა სასამართლო რეფორმის დასრულებას ეხება.
ამასთან, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში მოყვანილი რეკომენდაციის თანახმად, საქართველომ უნდა შეიტანოს ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, რათა ის ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს სრულად შეესაბამებოდეს.
"კერძოდ, შექმნას კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, კანდიდატებისა და იმ პირებისთვის, რომლებიც ამჟამად დანიშნულნი არიან მაღალ თანამდებობაზე სასამართლო სისტემაში, კერძოდ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაეს სასამართლოში და სხვა სასამართლოებში. გარდა ამისა, საზედამხედველო და საკონსულტაციო ფუნქციების განსახორციელებლად ჩამოაყალიბოს ქონებრივი დეკლარაციების მუდმივი და პერიოდული სისტემა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით", – ნათქვამია დოკუმენტში.
„ქართული ოცნება“ უარს აცხადებს, დანერგოს ე.წ. ვეტინგის სისტემა, რომელიც სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე მოსამართლეების კეთილსინდისიერების ხელახლა შეფასებას ითვალისწინებს.
ამავე თემაზე: "სასამართლოს გუშაგი" აქვეყნებს იმ პირთა სიას, რომლებიც მისი აზრით, კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმებას ექვემდებარებიან.


