ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ სარჯველაძეს რატი იონათამიშვილი შეცვლის
12/03/2024 10:14:38 პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ სარჯველაძეს რატი იონათამიშვილი შეცვლის.
„ჩემი შეთავაზება უმრავლესობის მიმართ იქნება ეს, ველაპარაკე რატის, მასაც ამაზე, ბუნებრივია, უარი არ უთქვამს, პირიქით, სიხარულიც გამოხატა. ყველაზე ორგანული, თუკი ვინმესთვის, შეიძლება, ეს სფერო იყოს, არის რატი იონათამიშვილისთვის. მათ შორის, ჩვენ პროფესიონალი ადამიანები გვყავს, იქ არის ალუდა ღუდუშაური, პირველი მოადგილე; სოზარ სუბარი გვყავს, ბოლო-ბოლო პარლამენტში, კახი კახიშვილი, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით და სხვებიც, მაგრამ რატი გარკვეულ სიმბოლოსაც კი წარმოადგენს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში და ეს სიმბოლიზმი და მისი გამოცდილება იმდენად ემთხვევა ერთმანეთს, აქ საკამათოც არ შეიძლება, იყოს, მე ვფიქრობ, კომიტეტის ახალი თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი იქნება“, – განაცხადა მდინარაძემ.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის "პოსტს" მიხეილ სარჯველაძე იკავებდა, რომელიც 11 მარტს ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა.


