სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტავენ, რატომ უმცირებს აშშ საქართველოს დახმარებას
12/03/2024 16:40:54 პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც საქართველოს დახმარებისთვის 80 მლნ აშშ დოლარია გათვალისწინებული.
2024 წელს საქართველოსთვის გათვალისწინებული იყო 88 მილიონი დოლარი, რაც 8 მილიონით მეტია 2025 წლისთვის დაგეგმილ თანხაზე.
ამასთანავე, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დახმარებისთვის გათვალისწინებული თანხა ეზრდება სომხეთს (40-დან 45 მლნ აშშ დოლარამდე), მოლდოვის შემთხვევაში დახმარების ოდენობა უცვლელია (55 მლნ აშშ დოლარი), ხოლო დასავლეთ ბალკანეთის შემთხვევაში კლებაა (108,1 მლნ აშშ დოლარიდან 105,6 მლნ-მდე).
"აქცენტი" დაინტერესდა, რა მიზეზით უმცირებს შეერთებული შტატები საქართველოს დახმარებას და შესაბამისი კითხვით სახელმწიფო დეპრტამენტს მიმართა.
"2025 წლის ბიუჯეტის პროექტი ასახავს შეზღუდულ ხელმისაწვდომ რესურსებს და ცვალებად საჭიროებებს რეგიონის მასშტაბით", – განუცხადა "აქცენტს" სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან განმარტების გავრცელებამდე საქართველოს ხელისუფლება დახმარების კლების შესახებ ცნობის სამოქალაქო სექტორზე მორიგი თავდასხმისთვის გამოყენებას შეუდგა. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ დახმარების თანხა მნიშვნელოვანწილად სწორედ სამოქალაქო სექტორისთვის იყო განკუთვნილი და არაფერს ამბობენ იმაზე, რომ ამ რესურსებით ფინანსდებოდა კონკრეტული პროექტები, რომლითაც ქვეყნის რიგითი მოქალაქეები სარგებლობდნენ.
- „ვერაფერს გეტყვით, ამ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს შეერთებული შტატები. იცით, რომ ამ დაფინანსების ძალიან დიდი ნაწილი მიემართება არასამთავრობო ორგანიზაციებისკენ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმედები გაუცრუეს ამერიკის სახელმწიფოს შარშან, შარშანწინ. შეიძლება, ეს გახდა დაფინანსების შემცირების მიზეზი“,– განაცხადა თემის კომენტირებისას პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ამავე თემაზე: „ფაქტ-მეტრი" – რატომ არის ტყუილი, რომ აშშ-ის დაფინანსების უდიდესი ნაწილი არასამთავრობოებზე მოდის.
იხილეთ ასევე: რის დისკრედიტებას ცდილობს რუსული პროპაგანდა: $4 334 000 000-ის ოდენობის ამერიკული ფინანსური დახმარება საქართველოს
აშშ-ის დახმარება ჯანდაცვაში დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დღემდე


