Accentnews.ge
„რადიო თავისუფლება“:  ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

„რადიო თავისუფლება“:  ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13/03/2024 06:14:29 პოლიტიკა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა, – იუწყება "რადიო თავისუფლება".

გამოცემის ცნობით, უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.სარჩელიდან ირკვევა, რომ ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვის ფედერალური სააგენტოს 2023 წლის პირველი მაისით დათარიღებული დადგენილება გახდა, რომელიც იმიგრაციისა და ეროვნულობის აქტის 212(a)(2)(I) მუხლს დაეყრდნო.

როგორც "რადიო თავისუფლება" იტყობინება, იმიგრაციისა და ეროვნულობის აქტის 212 მუხლი, ქვემდებარე პუნქტებით იმ კრიმინალურ საფუძვლებს ადგენს, რომელიც აშშ-ში შეშვებაზე უარის თქმის მიზეზი შეიძლება გახდეს. კონკრეტულად ის მუხლი, რომელზე დაყრდნობითაც, დავით კეზერაშვილს აშშ-ს ვიზა არ მისცეს, ფულის გათეთრებაზე ეჭვს გულისხმობს.

"დავით კეზერაშვილი მოითხოვს, შეგროვდეს და გადაეცეს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ვიზაზე უარის თქმის მიზეზი გახდა. ამ შინაარსის სარჩელი გამოქვეყნდა ვებგვერდზე Courtlistener.com, რომელიც აშშ-ს სასამართლოებში შესულ სარჩელებს აგროვებს და ასაჯაროებს.

სარჩელიდან ირკვევა, რომ დავით კეზერაშვილმა აშშ-ს ვიზის მისაღებად განაცხადი კვიპროსში აშშ-ს საელჩოში 2023 წლის 4 აპრილს შეიტანა. უარი კი 2023 წლის 18 ივლისს მიიღო. ამის შემდეგ, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ინფორმაციის თავისუფლების აქტის საფუძველზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს მოსთხოვა იმ ინფორმაციის გასაჯაროება, რომელიც 212-ე მუხლზე დაყრდნობით ვიზაზე უარი თქმის საფუძველი გახდა. დეპარტამენტმა მოთხოვნა წარმოებაში მიიღო, თუმცა კეზერაშვილს პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. მან სასამართლოში იჩივლა.

სარჩელი კოლუმბიის სასამართლოში 2024 წლის 20 თებერვალს დარეგისტრირდა.

აშშ-ს ვიზაზე უარის თქმის მომენტისთვის (2023 წლის ივლისი) უკვე ცნობილია ე.წ. ქოლცენტრებზე ბიბისის გამოძიების შესახებ, რომელიც 2023 წლის აპრილში გამოქვეყნდა. ამ გამოძიების ავტორი გამომძიებელი ჟურნალისტები ჰყვებოდნენ, რომ კვალი იმ საერთაშორისო თაღლითური ჯგუფებისა, რომლებიც ევროპელი პენსიონერების დანაზოგებს ითვისებდნენ, “ბატონ ოფშორთან”, საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრთან მიდიოდა.

"BBC-ის სიუჟეტში გამოთქმული ბრალდებები უკიდურესად მცდარია. მე არაფერი მაქვს საერთო Milton Group-თან ან ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებულ რომელიმე თაღლითობასთან", - დაწერა კეზერაშვილმა ტელეკომპანიაში გაგზავნილ საჩივარში, სადაც ის ფაქტების უარყოფას მოითხოვდა.

ყოფილი თავდაცვის მინისტრი ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელია და ბიბისის გამოძიებამდე არხის საკონტროლო პაკეტს, 51%-ს ფლობდა. გამოძიების გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში განაცხადა, რომ მზად იყო უარი ეთქვა ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტზე. ეს გადაწყვეტილება მან "ფორმულის" თანამშრომელთა “სარედაქციო დამოუკიდებლობის თამასის ასაწევად” მიიღო", – იუწყება "რადიო თავისუფლება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S