საელჩო: ბოლო 5 წლის განმავლობაში მხოლოდ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში საქართველოში 5 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა
14/03/2024 11:16:36 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის საელჩოს ინფორმაციით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამერიკის მთავრობამ მხოლოდ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში 23 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო საქართველოს ეკონომიკის, ტურიზმის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ონლაინ ვაჭრობის, მსუბუქი მრეწველობის, შემოქმედებითი ინდუსტრიისა და ნარჩენების გადამუშავების სფეროებში.
დიპლომატიური უწყების ცნობით, შედეგად, შეიქმნა 5 000 სამუშაო ადგილი, 65 მილიონი დოლარით გაიზარდა გაყიდვები, გაძლიერდა 2 000 ბიზნესი და გადამზადდა 5 000 პროფესიონალი. ასევე, საქართველომ გაზარდა ექსპორტი ევროკავშირისა და სხვა მოგებიან ბაზრებზე.
"პროგრამის დახურვის ღონისძიებას ვიცეპრემიერ დავითაშვილთან ერთად ელჩი დანიგანი დაესწრო და აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერას", – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


