ოდიშარია – მოსამართლეებზე: წინ რომ გამოხტებიან, შეიძლება, მგელმა შეჭამოს
15/03/2024 12:25:19 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა ოდიშარია ეხმიანება მოსამართლეებს, რომლებიც ე.წ. ვეტინგს არ ეწინააღმდეგებიან.
ერთის მხრივ, გააზრებით, რომ სხვა სახელისუფლებო შტოს წარმოადგენს, ამბობს, რომ არ სურს "კონფლიქტში შესვლა", თუმცა მეორეს მხრივ – განსხვავებული აზრის მქონე ორ მოსამართლეს "რჩევებს" აძლევს.
"მე, როგორც პარლამენტის წევრს და აბსოლუტურად სხვა სახელისუფლებო შტოს წარმომადგენელს, არ მსურს, რომ შევიდე გარკვეულ კონფლიქტში, მით უმეტეს, დამოუკიდებელ სასამართლო ხელისუფლებასთან, მაგრამ ამ ორ მოსამართლეს ისე რჩევას მივცემდი, რომ არც ერთ მოსამართლეს არა აქვს კეთილსინდისიერების შემოწმებასთან დაკავშირებით პრობლემა და შესაბამისად, წინ რომ გამოხტებიან, შეიძლება, მგელმა შეჭამოს. ვეტინგის სისტემა არის ადეიშვილიზმი, ადეიშვილის სისტემა". - თქვა ოდიშარიამ.
მანამდე მათ პრემიერი დაესხა თავს.
ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში მოყვანილი რეკომენდაციის თანახმად, საქართველომ უნდა შეიტანოს ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, რათა ის სრულად შეესაბამებოდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
"საჭიროა უზენაესი საბჭოს რეფორმირება. მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შეიქმნას კეთილსინდისიერების შეფასების ექსტრაორდინალური სისტემა სასამართლოს ყველა წამყვანი თანამდებობისთვის. ამავდროულად, დაინერგოს ქონების დეკლარაციის ეფექტური სისტემა" - წერია ანგარიშში.
უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა,რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მოთხოვნა "დაინტერესებული პირების მანიპულაციური, მოჩვენებითი ზრუნვაა მართლმსაჯულების სისტემაზე" და რომ ეს პროცესი "მოსამართლის დამოუკიდებლობას ლახავს".
აღნიშნული პოზიცია არ გაიზიარა უზენაესი სასამართლოს ორმა მოსამართლემ - ნინო ბაქაქურმა და ეკატერინე გასიტაშვილმა. საკუთარი პოზიცია მოსამართლეებმა პლენუმის ოქმშივე დააფიქსირეს.
მოგვიანებით კიდევ რამდენიმე მოსამართლემ გაიზიარა მათი პოზიცია.


